ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ერი ყოველგვარი უბედურებისგან, გასაჭირისგან და მეხუთე კოლონის საქმიანობისგან, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ერდოღანი გამოეხმაურა თურქეთში საპროტესტო აქციებს, რომელიც სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ორგანიზებით იმართება.
„ჩვენ არ დავუშვებთ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. როგორც აქამდე არ დავნებდით ქუჩის ტერორს, არც ვანდალიზმს დავნებდებით მომავალში“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
„ნუ შეაწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს ყვირილით, კივილით, ქუჩების ტერორიზებით, ახალგაზრდების პროვოცირებით. ნუ ჩაიდენთ ისეთ ქმედებებს, რასაც მოგვიანებით სირცხვილით გაიხსენებთ. ხაზგასმით კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ შიგნით მყოფი მძარცველების მცირე ჯგუფის პრობლემების ერის პრობლემებად გადაქცევას. ჩვენ არ დავუშვებთ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. როგორც აქამდე არ დავნებდით ქუჩის ტერორს, არც ვანდალიზმს დავნებდებით მომავალში“, - დასძინა მან.