გივი მიქანაძე: ძალიან მყისიერად და მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, როგორც კი „დიფ სთეითი“ დამარცხდება

გივი მიქანაძე: ძალიან მყისიერად და მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, როგორც კი „დიფ სთეითი“ დამარცხდება

ძალიან მყისიერად და მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, როგორც კი „დიფ სთეითი“ დამარცხდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი აქამდეც ამბობდა, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს მიმართ არაერთხელ გაჟღერებულა, რომელსაც არანაირი საფუძველი, არც არგუმენტაცია, არც არანაირი დასაბუთება არ ჰქონდა, რეალურად 20 იანვრის შემდეგ შეიცვლებოდა.

„აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვა არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენი საგარეო პოლიტიკის. გუშინ პრემიერმა ეს კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, როდესაც სტუმრობდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. მან იქ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარ საგარეო პრიორიტეტს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც თანამშრომლობას როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს მიმართ არაერთხელ გაჟღერებულა, რომელსაც არანაირი საფუძველი, არც არგუმენტაცია, არც არანაირი დასაბუთება არ ჰქონდა, რეალურად შეიცვლებოდა 20 იანვრის შემდეგ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომელიც ხდება და მიმდინარეობს 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მართლაც ძალიან სწრაფი ნაბიჯები და რაც მთავარია, ყველასთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პირველ რიგში გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ჩვენ დავინახეთ თუ რაში იხარჯებოდა USAID-ის მიერ გაცემული თანხები, რა მიზნებს ატარებდა როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომ ის შენიღბული ერთგვარი გარკვეული დაფინანსების ნაწილი, რომელიც მართლაც კეთილი მიზნებით იყო გამსჭვალული, მის უკან იდგა სხვა ძირითადი ზრახვები, რომელზეც უდიდესი ძალისხმევა და ფინანსური ასე ვთქვათ დანახარჯების გაწევა ხდებოდა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები გაგრძელდეს სწორედ იმ ჭრილში, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა დააანონსა და მისი მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანი, ეს არის „დიფ სთეითთან“ ბრძოლა, რომელიც მისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ძალიან მყისიერად და მარტივად მოხდება ამ ურთიერთობების გადატვირთვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, როგორც კი „დიფ სთეითი“ დამარცხებული იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ის გავლენები, უსამართლო და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენებოდა, ამ მართლა ძალიან დიდი ძალის და გავლენის მქონე „დიფ სტეიტის“ მიერ, ეს ყველაფერი ისტორიასა და წარსულს ჩაბარდება. ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვის და კიდევ ერთხელ ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ ამისთვის მზად ვართ“,- აღნიშნა მიქანაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ უკვე შერჩეულია აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩიც და ახლა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

„პრემიერმა საზოგადოებას აუწყა, რომ შერჩეული არის კანდიდატი ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ვინ იქნება საქართველოს სრულუფლებიანია ელჩი. მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და როდესაც ეს კონსულტაციები დასრულდება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ეცნობება ამის თაობაზე. რა თქმა უნდა, ელჩის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესებში“, - აღნიშნა მიქანაძემ.