გივი მიქანაძე: სალომე ზურაბიშვილმა გააგზავნა წერილი, რომლითაც ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს, რომ იმოქმედონ საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ამაზე მეტი მოღალატეობრივი ნაბიჯი რა უნდა იყოს

გივი მიქანაძე: სალომე ზურაბიშვილმა გააგზავნა წერილი, რომლითაც ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს, რომ იმოქმედონ საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ამაზე მეტი მოღალატეობრივი ნაბიჯი რა უნდა იყოს

სალომე ზურაბიშვილმა მორიგი, ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა, როდესაც გააგზავნა ერთგვარი, რაღაც კომუნიკე, ერთობლივი დოკუმენტი, რომლითაც ის კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ იმოქმედონ ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს. ამაზე მეტი დამაზიანებელი და პირდაპირ შეიძლება ითქვას მოღალატეობრივი ნაბიჯი რა უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, სალომე ზურაბიშვილის წერილთან დაკავშირებით, რომელიც მან ევროპელ ლიდერებს გაუგზავნა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციური სპექტრი კვლავად არიან გარე ძალების იმედად.

„კვლავაც მათი მთავარი იმედი არიან ის ადამიანები, ის ლიბერალური ძალები, რომელთა მორჩილებაშიც და სრულ დაქვემდებარებაში სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან და მხოლოდ და მხოლოდ მათი მითითებებით მოქმედებენ. მაგრამ ის, რომ საქართველო დღეს ევროპული საბჭოს ლიდერების დღის წესრიგში არ არის, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ევროპული საბჭოს ლიდერებიც ხვდებიან იმ გარემოებას, რომ მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ის უსამართლო და მართლაც სამარცხვინო რეზოლუციები, რომელიც მიღებული იქნა განსაკუთრებით ევროპარლამენტის მიერ აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული არის. მათ ძალიან კარგად იციან ვინ აირჩია საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა. რომ ეს არის მშვიდობაზე და ქვეყნის განვითარებაზე და ევროპაში ინტეგრაციაზე ორიენტირებული ძალა, „ქართული ოცნება“. და რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ძალიან მყარად დგას ამ ძალის გვერდით და მასთან ერთად ხდება ხელისუფლების განხორციელება საქართველოში. სწორედ ამიტომ მისი ეს ფუჭი გზავნილი მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთხელ ავლენს მის რეალურ მიზნებსა და მის რეალურ სახეს, რასაც სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს.

ჩვენ ვხედავთ, რომ განდიდებული სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ლამის თამარ მეფეს შეადარეს მისი პიროვნება, ახლა უკვე კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მხრიდან უდიდესი კრიტიკის ობიექტი ხდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე. ის რომ მათ შორის კოორდინაცია ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ოპოზიცია, რადიკალური ფრთა ბოლომდე გაპარტახებულია. რომ მათ აქვთ ნიჰილიზმი სრულიად სამართლიანი იმიტომ, რომ ხედავენ, რომ უკვე რიგით მეცხრე არჩევნებს ვერ იგებენ და საზოგადოება მეცხრე ჯერზე ეუბნება მათ უარს.

მათი ყველანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ რევოლუციური გზით ჩაეშალათ, ჩაუვარდათ და არანაირ შედეგის მომტანი არ არის იმ მცირე აქტივობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურ სპექტრთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან კოორდინაციის ფარგლებში ერთობლივი წერილი გაიგზავნა ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც დღევანდელ ევროპული საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობენ. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, წერილის მოთხოვნაა, რომ ევროპულ საბჭოზე განიხილონ საქართველოს საკითხიც.