არაერთი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პირდაპირ, თუ ირიბად მოხდეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენა, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ნიკა გილაურის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური კომპანიის დაქირავების საკითხს.
„ყველა ასეთი ახალი ამბავის გაგებისას, რომ ხდება უამრავი თანხის გადახდა ამერიკის ისტემბლიშმენტზე ზეგავლენის მოხდენის იმისთვის, რომ მათ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ, ან არ მიიღონ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმ საჭიროებაში, რაც იყო თავის დროზე „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, თუ ახლა ამერიკული კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოში. ვხედავთ, არაერთი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პირდაპირ, თუ ირიბად მოხდეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენა. კიდევ ერთხელ დასტურდება საჭიროება, რაც ეხება ამერიკული „ფარას“ მიღებას. შეიძლება მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ ზოგიერთი კონგრესმენის განცხადება ამოვარდნილი იყოს კონტექსტიდან. უკვე მერამდენედ ვხედავთ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები პირდაპირ არის ფინანსურად, თუ პოლიტიკურად წახალისებული, თუ მხარდაჭერილი ამ ტიპის ძალების მხრიდან“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ექვს თვეში ექვსასი ათასი დოლარი - ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია დაიქირავა. დოკუმენტები ამერიკულ „ფარაზეა“ გამოქვეყნებული. კონტრაქტი გაფორმდა 20 თებერვალს, დაქირავებულმა კომპანიამ კი უნდა უზრუნველყოს კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე. ლობისტური კომპანიის დაქირავების ფაქტს ადასტურებს ნიკა გილაური.