არ ველოდები რაღაც სერიოზულ გარღვევას, რომ დღეს ყველაფერი გადაწყდება, მაგრამ ველოდები, რომ იქნება გარკვეული წინსვლა სამშვიდობო პროცესში, რაღაც მონახაზს გამოაცხადებენ და შემდგომში ეს პროცესი გაგრძელდება, - ასე უპასუხა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ წამყვანის კითხვას, რამდენად გარდამტეხი შეიძლება იყოს პრეზიდენტ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში.
მანვე აღნიშნა, რომ უზარმაზარ ფრონტის ხაზზე, რომელიც 1300კმ-ზე მეტია, ცეცხლის შეწყვეტა ასე ერთი სიგნალით არ ხდება, ეს არის წარმოუდგენელი.
„დაანონსებულია, რომ ტრამპი - პუტინის სასაუბრო დრო არ არის შეზღუდული და ისაუბრებენ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იქნება საუბრის საჭიროება. თუ კონსტრუქციულად წარიმართება საუბარი და მათ შორის იქნება თანხმობა სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით და ზოგადად შეთანხმებასთან დაკავშირებით, ალბათ ისაუბრებენ უფრო მეტხანს.
რატომ შედგა ეს საუბარი?! მე ვფიქრობ, რომ საუდის არაბეთში ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკეების შემდეგ, რასაც მოჰყვა ბატონი უიტკოფის ვიზიტი და შეხვედრა მოსკოვში პუტინთან, დიდი ალბათობით, რაღაც შეთანხმებები უკვე არსებობს და ამ მოლაპარაკებებმა საუდის არაბეთსა და რუსეთში მოამზადა საფუძველი იმისათვის, რომ პუტინის და ტრამპის საუბარი შემდგარიყო. ვფიქრობ, რაღაც მონახაზი უკვე არსებობს. მე არ ველოდები რაღაც სერიოზულ გარღვევას იმ კუთხით, რომ დღეს ყველაფერი გადაწყდება და საბოლოოდ გამოცხადდება, თუმცა შესაძლოა ესეც კი მოხდეს, მაგრამ მაინც ველოდები, რომ იქნება გარკვეული წინსვლა უფრო სამშვიდობო პროცესში და რაღაც მონახაზს გამოაცხადებენ და შემდგომში ეს პროცესი გაგრძელდება.
უზარმაზარ ფრონტის ხაზზე, რომელიც 1300კმ-ზე მეტია, ცეცხლის შეწყვეტა ასე ერთი სიგნალით არ ხდება, ეს არის წარმოუდგენელი. შესაძლოა შემდგომშიც კი, როცა მიაღწევენ ცეცხლის შეწყვეტას, მაინც იყოს გარკვეული პროვოკაციები და ჰქონდეს ადგილი თუნდაც მცირე შეტაკებებს ან სროლებს. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ფართომასშტაბიან ომთან, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი ფართომასშტაბიანი ომი არ ყოფილა. ორივე მხრიდან პირობითად 2 მილიონი სამხედრო მონაწილეობს, უზარმაზარი მსხვერპლი და ა.შ. შესაბამისად, ასე მყისიერად მშვიდობის დამყარება რთულია. მითუმეტეს, როცა საუბარი არ არის მხარეების დაშორიშორებაზე ჯერჯერობით და რაიმე სამშვიდობო კონტინგენტის ჩაყენებაზე“,- აღნიშნა სალუქვაძემ.