ზოგიერთი ადამიანი მორალური პიედესტალიდან რომ ლაპარაკობს დღესაც, ახლა მაინც არ რცხვენიათ, რომ კორუმპირებული ადამიანის გაშვებას ითხოვდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სააკაშვილისთვის ელიტური კორუფციის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.
„ეს არის კიდევ ერთი დასტური სააკაშვილის რეჟიმის დროს ელიტური კორუფციის სქემებისა. ჩვენ ვნახეთ პირდაპირ ანგარიშებით და ინვოისებით, რამდენად იყო ჩართული მაშინდელი მთელი პოლიტიკური ელიტა ამ კორუფციაში და ჩვენი ფულით, ბიუჯეტიდან ფარული ფულით სააკაშვილს ნახევარი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული საკუთარ და მისი წრიდან ადამიანების კოსმეტიკურ მომსახურებაზე. 200 000 დოლარი დახარჯა მის პირად სტილისტზე და მზარეულზე და 40 000 დახარჯა საკუთარი შვილის სწავლებაში, საქართველოში ყველაზე ძვირ სკოლაში. რომ ჰკითხო მას და მის მომხრეებს, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს არის კლასიკური მაგალითი ელიტური კორუფციისა. ამ ცხრა მილიონის გარდა, რომელსაც ფარულად ხარჯავდა, იმავე პერიოდში 20 მილიონი ცალკე აქვს დახარჯული წარმომადგენლობითი ხარჯების სახით. ჩვენ ვნახეთ გიგი უგულავას კორუფციული სქემა - 48 მილიონი ლარი, რომელიც მან მოიპარა თბილისის ბიუჯეტიდან; ვნახეთ კეზერაშვილის ხუთ მილიონი ევროს სქემა, რომელიც მან მოჰპარა ქართულ ჯარს; ნახეთ სააკაშვილის 9 მილიონიანის სქემა, რომელსაც ის იპარავდა საქართველოს ბიუჯეტიდან კორუფციული სქემებით, ასე რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ელიტური კორუფციისა.
ახლა ეს ყველაფერი ჩავსვათ კონტექსტში. სულ ახლახან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სააკაშვილი მოიხსენა მოდერნიზატორად. ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი ის დრო, რაც ციხეში ზის, არ გაჩერდნენ არც ბალტიელი პოლიტიკოსები, არც ფრანგები და არც ზოგი პოლონელი პოლიტიკოსი. არ დაგვასვენეს, ჩაწერეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში. კორუმპირებული ადამიანის გაშვებას ითხოვს ევროპარლამენტი - ამაზე დიდი სირცხვილი, ამაზე დიდი მხილება თავად ევროპარლამენტის კორუმპირებულობისა რა შეიძლება იყოს. კორუმპირებული, ძალადობრივი სისტემის შემქმნელი სააკაშვილი და მისი მფარველი ვილნიუსელი, ტალინელი თუ ბრიუსელელი პოლიტიკური ქსელი... ერთი დასკვნა უნდა გამოიტანოს საქართველოს საზოგადოებამ მთელი ამ ისტორიიდან - არავის ჭკუის სასწავლებელი ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და ქართულ მართლმსაჯულებას არა აქვს. ყველა ვინც „ფრი მიშას“ კამპანიაში იყო ჩართული, მათ შორის ზოგიერთი ადამიანი მორალური პიედესტალიდან რომ ლაპარაკობს დღესაც, ახლა მაინც არ რცხვენიათ რომ კორუმპირებული ადამიანის გაშვებას ითხოვდნენ, მოძალადე ადამიანის გაშვებას ითხოვდნენ და კიდევ აქეთ უნდათ, რომ საზოგადოებას ჭკუა ასწავლონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.