სირიის დროებითი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას დააკისრებს ყველას, ვინც სირიაში მიმდინარე დაპირისპირებაში თავისი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდება.
აჰმედ ალ-შარაას თქმით, იქმნება დამოუკიდებელი კომიტეტი ორივე მხარის მიერ ჩადენილი მკვლელობების გამოსაძიებლად.
„ჩვენ ვდგავართ ახალი საფრთხის წინაშე, რომელიც წარმოდგენილია ყოფილი რეჟიმის ნარჩენებისგან და მათ უკან მდგომი გარე ძალების მცდელობით, შექმნან ახალი განხეთქილება და ჩაითრიონ ჩვენი ქვეყანა სამოქალაქო ომში, რათა დაანაწევრონ და გაანადგურონ მისი ერთიანობა და სტაბილურობა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ დაუნდობლად დავსჯით ყველას, ვინც მონაწილეობდა მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლისღვრაში ან ზიანი მიაყენა ჩვენს ხალხს, ან ვინც გადააჭარბა სახელმწიფო უფლებამოსილებას ან გამოიყენა ძალაუფლება საკუთარი მიზნების მისაღწევად“,- განაცხადა აჰმედ ალ-შარაამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჯამში 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა სირიაში ახალი მთავრობის ძალებსა და ასადის ალავიტური სექტის მებრძოლებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, პარასკევს და შაბათს 973 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მოკლულთა შორის არიან სირიის მთავრობის უსაფრთხოების ძალების წევრები და მებრძოლები ასადის ლოიალისტებიდან. ასევე ალავიტი ქალები და ბავშვები.