შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის გაცნობის მიზნით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის გაცნობის მიზნით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)  გამარტივებული საბაჟო ფორმალობების გაცნობის მიზნით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალი სატრანზიტო სისტემის შესახებ, მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარადგინეს და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. 

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 თებერვლიდან, საქართველო შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ - საერთო სატრანზიტო კონვენციას და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას, რის შედეგადაც გახდა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს რეალურ რეჟიმში გაცვალოს ელექტრონული მონაცემები - NCTS-ის მეშვეობით. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი პრაქტიკის დანერგვისა და ამ სისტემის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - საბაჟო ტრანზიტის სამმართველო, რომლის ფუნქციებში შედის NCTS-ის სისტემის  გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის ყველა სერვისის 24/7 რეჟიმში შეუფერხებელი მიწოდება. 

შეხვედრა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გაიმართა ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე,  საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ არახამია, ასევე უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები, BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები.

აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრები, მომავალშიც სისტემატურად გაიმართება.