ლევან მაჭავარიანი საქართველოს ომში ჩართვაზე: ჩვენ რომ ეს ნაბიჯები გადაგვედგა, იმაზე უარეს დღეში ვიქნებოდით, რაშიც დღეს უკრაინა არის - ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც სხვანაირად ვერ იმოქმედებდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რომ გადაედგა ის ნაბიჯები, რისკენაც მას მოუწოდებდნენ, საქართველო დღეს უკრაინაზე უარეს მდგომარეობაში იქნებოდა.

„თავდაპირველად წნეხი დაიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, რაც ეკონომიკის ნგრევას და რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევდა. მოხალისებიის ჩარტერული რეისით გაგზავნას ითხოვდნენ, რაც რუსეთთან პირდაპირ ესკალაციაში შესვლას ნიშნავდა. ასევე იყო მოთხოვნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღება უნდა გადაგვეცა და შემდეგ სანაცვლოდ შეიარაღებას ამერიკა გადმოგვცემდა.

ჩვენ რომ ეს ნაბიჯები გადაგვედგა, სამწუხაროდ, იმაზე უარეს დღეში ვიქნებოდით, რაშიც დღეს უკრაინა არის. ძალიან მყარად დავდექით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, როგორ დაპირისპირებაში შევდიოდით ბრიუსელის ბიუროკრატებთან, რადიკალურ ოპოზიციასა და ენჯეოსექტორის მავნებელ ნაწილთან. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც სხვანაირად ვერ იმოქმედებდა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.