აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს [FBI] დირექტორმა კეშ პატელმა კონგრესს სთხოვა გამოიძიოს, სად წავიდა უკრაინისთვის გამოყოფილი ფული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენი ფული ჩვენს წინააღმდეგ, ამერიკელი სამხედროებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ გამოიყენებოდა იქ [ავღანეთში]. ვშიშობ, რომ ახლაც ამ მიმართულებით მივდივართ. ჩვენ სხვა საკითხებსაც კი არ ვეხებით, რაც უკრაინისთვის გავაკეთეთ. ახლა საუბარია მხოლოდ ფულზე. მე ვთხოვე კონგრესს გამოიძიოს, სად წავიდა ეს სახსრები. ამერიკელი ხალხი იმსახურებს პასუხს, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ფულია. ეს ჩვენ მიერ გადახდილი დოლარებია“, - თქვა პატელმა.
მისი თქმით, საქმე იმაში არ არის, რომ აშშ მილიარდობით დოლარს ხარჯავს, არამედ იმაში, რომ თანხა, რომელიც ერთ ქვეყანას გაეგზავნა, ასჯერ აღემატება ერთ მილიარდს.
„არ მესმის, რატომ აძლევენ კონგრესს ასე მოქცევის უფლებას. ზელენსკი გამოვიდა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და თქვა: „რუსეთმა პოლონეთს რაკეტა ესროლა“, რაც სიტყვასიტყვით ომის აქტი იყო. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ რუსეთს არანაირი რაკეტა არ უსვრია პოლონეთში. აღმოჩნდა, რომ რაკეტა უკრაინის ტერიტორიიდან იყო გაშვებული და პოლონეთში ჩამოვარდა“, - დასძინა პატელმა.
FBI-ის დირექტორმა აგრეთვე განაცხადა, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს, რომ მას უფრო მეტი ფინანსური დახმარება და სამხედრო ტექნიკა გადასცენ, ის „პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მის მიერ გაკეთებულ გლობალურ განცხადებებს, რომლებსაც ჩვენ ომის ზღვრამდე მივყავართ“.
“ჩვენ უბრალოდ ვერ ვიქნებით დარწმუნებული და ვერ ვენდობით ლიდერს, რომელსაც 100 მილიარდ დოლარს გამოვუყოფთ, ხოლო შემდეგ ის ამბობს: „არ გეტყვით, სად წავიდა ფული“, - თქვა პატელმა.