ერთადერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელსაც მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის დასმა შეუძლია, დონალდ ტრამპია, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა „ეი ბი სი ნიუსთან“. მარკო რუბიოს თქმით, თეთრი სახლის ლიდერი პუტინთან ურთიერთობისას თავის ინსტინქტებს და გამოცდილებას ეყრდნობა და არ სურს მასთან მტრული ენით საუბარი.
რაც შეეხება პროცესში ევროპის მონაწილეობას, ამერიკის პირველი დიპლომატის თქმით, ევროპელებს ომის დასრულების გეგმა არ აქვთ.
„ომის დასრულების ერთადერთი გზა მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის მიყვანაა, ერთადერთი ადამიანი კი დედამიწის ზურგზე ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, დონალდ ტრამპია. ის ამას ვერ გააკეთებს მტრული რიტორიკით და ლანძღვით. პრეზიდენტი ტრამპი მოქმედებს თავისი ინსტინქტებითა და გარიგებების დადების მრავალწლიანი გამოცდილებით.
რაც შეეხება ევროპას, მათ უკრაინაში ომის დასრულების არანაირი გეგმა არ აქვთ. მე ვკითხე მათ საგარეო საქმეთა მინისტრებს როცა შევხვდი - მითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ დასრულდება ეს? - მათ უმრავლესობას გეგმა არ აქვს. ზოგმა თქვა: მოდით, მათ ბრძოლის კიდევ ერთი წელი მივცეთ. სიკვდილისა და ნგრევის კიდევ ერთი წლის შემდეგ, პუტინი შეიძლება მზად იყოს მოლაპარაკებისთვის. ეს ჩემთვის კარგი გეგმა არ არის და ეს ნამდვილად არ არის გეგმა, რომელზეც პრეზიდენტი ტრამპია თანახმა“, - განაცხადა რუბიომ.