თამარ ჩიბურდანიძე: ზელენსკის მიერ მოწყობილი შოუ ოვალურ კაბინეტში ამერიკელებისგან უპასუხოდ არ დარჩენილა. ძალთა ჭიდილი სულ სხვა სახიფათო სიბრტყეზე გადავიდა

თამარ ჩიბურდანიძე: ზელენსკის მიერ მოწყობილი შოუ ოვალურ კაბინეტში ამერიკელებისგან უპასუხოდ არ დარჩენილა. ძალთა ჭიდილი სულ სხვა სახიფათო სიბრტყეზე გადავიდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე  ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, ზელენსკის მცდელობა დონალდ ტრამპი პოლემიკაში ჩაერთო და გაეკრიტიკებინა - „დიფ სთეითის“ ძალის დემონსტრირება იყო. ექსპერტის თქმით, ზელენსკის მიერ დადგმულ შოუს აშშ-ს მხრიდან პასუხიც მოჰყვა და დონალდ ტრამპმა უკრაინას დახმარება შეუჩერა.

„მიუხედავად იმისა, რომ ომის პოლიტიკის ავტორები მშვიდობას არ იღებენ, ამ ომის დამთავრება სხვა გზით არის შესაძლებელი გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს კი პირდაპირ ანადგურებს ევროპას“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ამერიკისგან მიტოვებული უკრაინა ბრიტანეთის და ევროპის იმედად რჩება, ამ სახელმწიფოებს კი ბოლო ათწლეულია ომი არ უწარმოებიათ.

“„დიფ სთეითი”-ს პოლიტიკის შემსრულებელ ლიდერს კიდევ ერთი მისია დააკისრეს,  ვაშინგტონში, ისტორიულ ოვალურ კაბინეტში მედიის თანდასწრებით, თავად ამერიკის პრეზიდენტის წინაშე ხმა აეწია,  გაეკრიტიკებინა და პოლემიკაში ჩაერთო. ეს ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ძალის დემონსტრირებას! ეს იყო ძალის დემონსტრირება არა ზელენსკის, არამედ “დიფ სთეითის” მხრიდან. როგორც ჩანს, ამერიკაში წასვლამდე მათ კარგად ამეცადინეს უკრაინის პრეზიდენტი და პრომეთეს როლი მოარგეს, თუმცა, უშედეგოდ, ცეცხლი კვლავ ტრამპის ხელში დარჩა. 

ზელენსკის მიერ მოწყობილი შოუ ოვალურ კაბინეტში ამერიკელებისგან უპასუხოდ არ დარჩენილა. ძალთა ჭიდილი სულ სხვა სახიფათო სიბრტყეზე გადავიდა. პირველი განცხადება უკვე გაკეთდა უკრაინისთვის ყველანაირი დახმარების შეწყვეტის თაობაზე. ეს მხოლოდ დასაწყისია. ტრამპი არ დაუშვებს რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებას, რომელიც აძლიერებს ბრიკსის კავშირს და საფრთხეს უქმნის ამერიკას. მიუხედავად იმისა, რომ ომის პოლიტიკის ავტორები მშვიდობას არ იღებენ, ამ ომის დამთავრება სხვა გზით არის შესაძლებელი გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს კი პირდაპირ ანადგურებს ევროპას. 

ამერიკისგან მიტოვებული უკრაინა რჩება ბრიტანეთის და ევროპის იმედზე. პოლიტიკურ სცენაზე გამოდიან  სახელმწიფოები, რომლებსაც ბოლო ათეული წლებია დამოუკიდებლად ომი არ უწარმოებიათ და ახლა დავინახავთ, თუ რა რესურსი და ძალა აქვთ. ევროპის ამბიცია, ჩაეხსნას ამერიკას და გახდეს ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური პოლუსი, ძნელად მისაღწევია, თუმცა, საინტერესო. 

მოკლედ, თუკი გასული სამი წლის განმავლობაში დაძაბული ნერვებით და შიშით ვუყურებდით დასავლეთში განვითარებულ მოვლენებს, ახლა თავად ეს სახელმწიფოები არიან სტრესის ქვეშ. ჩვენ კი, გადარჩენილები და ამ პროცესებში გამარჯვებულები, ინტერესით ვაკვირდებით  მოვლენებს, რომელიც ხან ღიმილს გვგვრის და ხანაც აღგვაშფოთებს. თუმცა, სანამ ომის ცეცხლი რეგიონში მძვინვარებს და სანამ ამ ომის ავტორებისგან მილიონობით დოლარი შემოდის ქვეყანაში მტრული მიზნებისთვის, მშვიდად ვერ ვიქნებით,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.