უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ეხმიანება.
არესტოვიჩის თქმით, ზელენსკი თეთრ სახლში იმისთვის გაემგზავრა, რომ ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი, თუმცა ორი საათის შემდეგ ამერიკულ-უკრაინული ურთიერთობები ისეთი პრობლემური გახდა, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა.
„უკრაინის არსებობის ასეთ კრიტიკულ მომენტში და ჩვენი მშვიდობისთვის ბრძოლის დროს ჩვენ გვჭირდება მოკავშირეები და არა მტრები. ჩვენ გვჭირდება მოკავშირეები, რომლებიც შეძლებენ მოგვცენ იარაღი ჩვენი ქალაქების დასაცავად და იარაღი, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები წინა ხაზზე გამოიყენებენ. რაც ნამდვილად არ გვჭირდება ეს მეგობრების მტრებად გადაქცევაა. პრეზიდენტი ზელენსკი თეთრ სახლში იმისთვის გაემგზავრა, რომ ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი, რომელსაც უკრაინისთვის ახალი შესაძლებლობები უნდა გაეხსნა. ორი საათის შემდეგ უკრაინულ-ამერიკული ურთიერთობები ისეთი პრობლემური გახდა, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მადლიერები ამერიკელი ხალხის იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ გაგვიწიეს“, - წერს არესტოვიჩი.
მისი თქმით, ზელენსკის ტრამპთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის არსებობა რისკის ქვეშ დადგა: ქალაქების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, იარაღი ჯარისკაცებისთვის ფრონტის ხაზზე, ფინანსური დახმარება ბიუჯეტის სტაბილიზაციისთვის.
„ქვეყნებს შორის ურთიერთობა უნდა დარჩეს მყარი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა იმისკენ, რომ ამერიკულ-უკრაინული ურთიერთობები ეფექტური, პროგნოზირებადი და პარტნიორობაზე დაფუძნებული გახდეს“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.