„FARA-ს კანონი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ FARA-ს ანალოგიური კანონი შედეგს აუცილებლად დადებს და ქვეყანაში შეწყდება უცხოური ფულის შემოსვლა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველო ოკუპირებული იყო უცხოური ფინანსებით.
„FARA იმდენად ძლიერი კანონია, რომ შეუძლებელია მისმა ამოქმედებამ შედეგი არ დადოს. კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სუსტია და არ არის ორიენტირებული ისეთ ძლიერ შედეგზე, რაც გვსურდა, რომ დამდგარიყო.
საქართველო ოკუპირებული მხოლოდ რუსული ჯარის მიერ არ არის. ქვეყანა 35 წლის განმავლობაში ოკუპირებულია უცხოური ფინანსებით და ენჯეოებით. ადამიანის ტვინების ოკუპაცია მოხდება თუ ტერიტორიების, ამაში დიდი განსხვავება არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ და ადამიანის ტვინების ოკუპაცია ქვეყნისთვის შესაძლოა უფრო სავალალო შედეგით სრულდებოდეს, ვიდრე ტერიტორიების ოკუპაცია იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს საზოგადოების გარყვნას, მის გადაკეთებას.
FARA-ს კანონი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი ამოქმედების შემდეგ საქართველოში საგრძნობლად შეწყდება თუ სრულად არა უცხო ფულის შემოდინება. საქართველოსთვის, რომლის ოკუპაციას ყველა მხრიდან ცდილობენ, სამხედრო გზით, დეზინფორმაციის
თუ უცხოური ფულის და ენჯეოების საშუალებით, წარმოიდგინეთ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მსგავსი კანონის არსებობა. FARA-ს კანონი შედეგს აუცილებლად დადებს,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.