შალვა პაპუაშვილი: 2022 წლის 25 თებერვალს შედგა შეხვედრა ქალბატონ სალომესთან. პირველი, რაც გვითხრა - ზელენსკი გმირად არის ქცეული და თქვენ რას აკეთებთო. ეს იქნებოდა მისთვის სამაგალითო მდგომარეობა, რომ საქართველო შესულიყო ესკალაციაში

შალვა პაპუაშვილი: 2022 წლის 25 თებერვალს შედგა შეხვედრა ქალბატონ სალომესთან. პირველი, რაც გვითხრა - ზელენსკი გმირად არის ქცეული და თქვენ რას აკეთებთო. ეს იქნებოდა მისთვის სამაგალითო მდგომარეობა, რომ საქართველო შესულიყო ესკალაციაში

პირველი, რაც გვითხრა 25 თებერვალს - ომი არის ერთი დღის დაწყებული, კიევის მისადგომებთან დგას რუსეთის არმია, და 25 თებერვალს დაიყო ჩვენი საუბარი იმით, რომ რას შვრებით ახლაო, ხედავთ, ზელენსკი გმირად არის ქცეული და თქვენ სად ხართ და რას აკეთებთო, - ამგვარად გაიხსენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ომის დაწყებისას სალომე ზურაბიშვილთან მისი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრაზე ზურაბიშვილის მიერ დასმული კითხვა.

„ზუსტად 2022 წლის 25 თებერვალს შედგა შეხვედრა ქალბატონ სალომესთან, რეზიდენციაში, სადაც ირაკლი კობახიძე და მე ვიყავით. ამ შეხვედრის შესახებ ირაკლი კობახიძეს სხვა დროსაც აქვს მოყოლილი. მან [სალომე ზურაბიშვილმა] პირველი, რაც გვითხრა 25 თებერვალს - ომი არის ერთი დღის დაწყებული, კიევის მისადგომებთან დგას რუსეთის არმია, და 25 თებერვალს დაიყო ჩვენი საუბარი იმით, რომ რას შვრებით ახლაო, აი, ხედავთ, ზელენსკი გმირად არის ქცეული და თქვენ სად ხართ და რას აკეთებთო?

აი, ეს იქნებოდა მისთვის სამაგალითო მდგომარეობა, რომ საქართველო შესულიყო ესკალაციაში, აჰყოლოდა იმ მოწოდებებს, რომლებიც მათ შორის უკრაინიდან მოდიოდა და რომლის ინსტრუმენტად გამოყენებული იყო ჩვენი ოპოზიცია და „ენჯეოები“. ისინი მოითხოვდნენ, რომ მოხალისეები გაგვეგზავნა უკრაინაში და ამით გავმხდარიყავით ომის მხარე ანუ საქართველო შესულიყო ომში და აქ ყოფილიყო მეორე უკრაინა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე ტყუილი უწოდა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას. კერძოდ, ზურაბიშვილის თქმით, 2022 წლის 25 თებერვალს, როცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივ სანქციებს არ დააწესებდა, არანაირი სანქციები ჯერ კიდევ არ იყო დაწესებული.

პაპუაშვილის განცხადებით, სანქციები იმ დროს უკვე დაწესებული იყო, ამას სთხოვდნენ საქართველოსაც და ამიტომაც იყო საჭირო პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ საქართველო ორმხრივ სანქციებს არ დააწესებდა.

„გუშინ სალომე ზურაბიშვილმა მემორიალთან თქვა ტყუილი, რომ თითქოს, 25 თებერვალს სანქციები არ იყო დაწესებული - 23-ში იყო უკვე აშშ-ის, 24-ში უკვე ევროკავშირის სანქციები დაწესებული. თუ კი არ იყო დაწესებული, მაშინ ვინ გვთხოვდა ჩვენ სანქციებს და რატომ იქნებოდა ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის მხრიდან?

მაგრამ ის [სალომე ზურაბიშვილი] ხვდება, რაშიც იყო ის თავად ჩართული, რომ საქართველო შეეთრიათ ომში, ეს ყველაფერი არის სააშკარაოზე გამოსული და ყველა ცდილობს, რაღაცნაირად გამოძვრეს ამ მდგომარეობიდან”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, სამი წლის წინ საქართველო გადაურჩა კიდევ ერთხელ დამოუკიდებლობის შელახვას, ახალ ომს და მეორე უკრაინად ქცევას.

„ამისკენ გვიბიძგებდნენ ოპოზიცია, მათი მხარდამჭერები - იგივე ხალხი, ვინც წელს 25 თებერვალს გამოვიდა ქუჩებში და ჰქონდა მოწყობილი მსვლელობა. იგივე ხალხი - იგივე სახელები, იგივე სახეები სამი წლის წინ იგივე ადგილზე იდგნენ პარლამენტის შენობასთან და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას, სანქციების დაწესებას, ცის დაკეტვას და ასე შემდეგ ანუ მოითხოვდნენ საქართველოსგან ომის მხარედ ქცევას და ომში შესვლას. აი, ეს არის 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეობა, როდესაც საქართველოს ამისკენ უბიძგებდნენ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.