მამუკა მდინარაძე: ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა, სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს და შეუმსუბუქოს პრობლემები

მამუკა მდინარაძე: ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა, სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს და შეუმსუბუქოს პრობლემები

ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა, სახელმწიფო, შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები,  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი გურიის მხარეში არსებულ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, დიდთოვლობით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილებაში ჩართულია ყველა სამსახური და სახელმწიფო დაწესებულებების თითოეული თანამშრომელი ცდილობს სოფლებსა და ქალაქებში მოსახლეობის დახმარებას. ასევე, პრემიერის ბრძანების შესაბამისად, პროცესში ჩაერთო თავდაცვის ძალები. 

„მაქსიმალური კეთდება, ჩართულია ყველა საქალაქო სამსახური. დასავლეთ საქართველოში, პრაქტიკულად, სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანი არ არის, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში, ეხმარებიან მაქსიმალურად მოსახლეობას. ასევე, პრემიერ-მინისტრმა ნახეთ, რომ ბრძანება გამოსცა და ჩართულია უკვე თავდაცვის ძალები, მათი დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შედიან, სადაც კი ამის შესაძლებლობაა. არის სამწუხაროდ ადგილები, სადაც მძიმე ტექნიკასაც კი, ყველაზე მაღალი გამავლობის ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოება.“ -  აღნიშნა მდინარაძემ. 

მისივე განცხადებით, რამდენიმე სოფლის რამდენიმე ოჯახში არის კონკრეტული პრობლემები, რომლის შესახებ ხელისუფლება დეტალურად არის ინფორმირებული და ამ წუთებშიც ცდილობენ, მძიმე ტექნიკით მიახლოებას. 

„გვაქვს რამდენიმე სოფელი და რამდენიმე ოჯახი, საიდანაც, არის რაღაც პრობლემები და საგანგაშო სიგნალები, დეტალურად ვიცით სახელებით და გვარებით და ამ წუთამდე ცდილობენ მძიმე ტექნიკით, მაღალი გამავლობის ტექნიკით მიუახლოვდნენ და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა, ხდება გზების გაკვალვა. იმდენად დიდი თოვლია, რომ ზოგ ადგილას დადგა თოვლის სხვაგან გადატანის საჭიროება, რადგან მძიმე ტექნიკა მუშაობდა და პრაქტიკულად, გადახვეტილი თოვლი სახლების მიმართულებით იყო უკვე და სერიოზული პრობლემები იყო ამ კუთხით.“ -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.