„კოვიდის“ დროს ვერ ხერხდებოდა ჯეროვნად პროექტის შესრულება ობიექტური მიზეზების გამო, რამაც გაწელა ძალიან პროექტი“, - განაცხადა ბარლდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პროექტი განხორციელება რამდენიმე ფაქტორის გამო შეფერხდა და ამასთან, გაიზარდა ხარჯვითი ნაწილიც.
„პროექტის ძირითადი ხარჯვითი ნაწილის ზრდა მიჰყვა ქონების გადასახადს, საბანკო სესხის მომსახურებას. ასევე, მოხდა გვირაბში სათხრელი მანქანის გაჭედვა, რომლის გამოყვანასაც დასჭირდა 18 თვე. ამის დამთავრების გარეშე, ვერ იწყებოდა სხვა სამუშაოები. შესაბამისად, თუ კი რამე გადახარჯვა და ბიუჯეტის ზრდა იყო, იყო ობიექტური“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. საუბარია „მტკვარი ჰესის“ პროექტზე.
„მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, როგორც თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი, სრულად იყო პასუხისმგებელი,,ჯი სი ეფ ლუქსემბურგის“ საინვესტიციო პროექტების და აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.
შედეგად მტკვარი ჰესის საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაცია შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით - 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა ჰესი ექსპლუატაცია დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.