შალვა პაპუაშვილი: ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით, თავად აშშ-მა დაადასტურა, რომ უცხოური ფული მიემართებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციაზე, მგონი, ჩვენზე მეტს საუბრობს დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია

შალვა პაპუაშვილი: ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით, თავად აშშ-მა დაადასტურა, რომ უცხოური ფული მიემართებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციაზე, მგონი, ჩვენზე მეტს საუბრობს დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია

ჩვენ იმედითა და ოპტიმიზმით ვუყურებთ იმ საქმეს, რომელიც წამოიწყო აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო წლების განმავლობაში, დაადასტურა აშშ-მა თავად; დაადასტურა, რომ უცხოური ფული მიემართებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციაზე. ეს პირდაპირ წერია აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელ განკარგულებაში, რომლითაც მან ჩაკეტა საგარეო დაფინანსებები. იქ პირდაპირ წერია საფუძვლად, თუ რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ ამ დაფინანსებით ხდებოდა დესტაბილიზაცია სხვა ქვეყნებში, ხდებოდა ამ ქვეყნების ჰარმონიული განვითარებისთვის ხელის შეშალა და არარსებული იდეოლოგიის თავს მოხვევა. ანუ, დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ის ეჭვები და ფაქტები, რაც გვქონდა, მათ შორის, ამერიკული დაფინანსების მიმართ, კანვასი და სხვა ასეთი ფაქტები გვახსოვს, რომ ეს მიემართებოდა დესტაბილიზაციაზე; დადასტურდა, რომ ამერიკული ფულით შექმნილი იყო პროპაგანდის მთელი საერთაშორისო მედიაქსელი, სხვადასხვა ორგანიზაციის გამოყენებით. თავად აშშ-ის ადმინისტრაცია საუბრობს, რომ ამერიკული და სხვა ქვეყნების ასეულობით მედია, ასეულობით მედიაენჯეო და ათასობით ჟურნალისტი იყო ამ ქსელის ნაწილი, რომელიც იჯდა პირდაპირ ამერიკის ბიუჯეტის ხელფასზე, რომლის მიზანი იყო იმ ადმინისტრაციისთვის საჭირო ნარატივები გაევრცელებინა, არასაჭირო ნარატივები კი მიეჩუმათებინა და არ გავცელებულიყო. ეს ყველაფერი დასტურდება და, პირიქით, მე მგონი, ჩვენზე მეტს საუბრობს დღესდღეისობით აშშ-ის ადმინისტრაცია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ იმედს გვაძლევს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ურთიერთობის ის დონე, რაზეც ახლა ვართ, ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლების მიზეზით არ ხდება.

„ეს ხდება ზუსტად იმ მიზეზით, რაც ახლა გაირკვა. ზუსტად იმის გამო, რომ იყო ჯგუფი, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითად“ მოიხსენიებს. იყო ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის არევაში, რომ მისთვის სასურველი ჯგუფები მოეყვანა ხელისუფლებაში, მისთვის სასურველი ხალხი დაენიშნა ამა თუ იმ პოზიციაზე და ყველა ეს საცეცი აქ მოქმედებდა. ამ საცეცებს ჩვენ ყოველდღე ვხედავდით, მათ შორის პარლამენტში. ატალახებული იყო სხვადასხვა კარი სხვადასხვა კომიტეტში, ხან რომელი საელჩო მოდიოდა ჩვენთან და ხან რომელი პროექტის წარმომადგენელი, ამ კანონს ასე როგორ იღებთ და იმ კანონს ისე როგორ იღებთო. რახან ამაზეა საუბარი და, მათ შორის, გავლენებზე, ერთ მაგალითს მოგიყვანთ აშშ-ის ყოფილ ელჩთან ჩემს ერთ-ერთ შეხვედრაზე. მაშინ სახალხო დამცველს ვირჩევდით, თუ არ ვცდები, დიდი რაოდენობით განაცხადი იყო შემოსული და საკონკურსო კომისია იყო შექმნილი, რომელმაც, თუ არ ვცდები, შვიდკაციანი მოკლე სია შეადგინა ამ განაცხადებიდან. ამ შვიდ ადამიანში იყო სამი ადამიანი, რომლებიც წარმოდგენილი იყო „ენჯეოების“ მხრიდან, შვიდი გვყავს, ვინც მეორე ტურშია გასული და ამასობაში, შეხვედრა მაქვს აშშ-ის ყოფილ ელჩთან. მოიკითხა, რა ხდება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით და ა.შ. ვუთხარი, რომ კომიტეტში გასაუბრებები იქნება, მეორე ტურია, მოკლე სია არის და ვნახოთ, როგორ იქნება ეს-მეთქი. მითხრა, კი მაგრამ, ხომ არის სამი კანდიდატი, რომლიდანაც შეგიძლიათ, აირჩიოთ და მოწონებულიაო. გამიკვირდა და ვუთხარი, სამს რატომ ამბობთ, შვიდი ხომ არის სინამდვილეში-მეთქი. იმიტომ, რომ მისთვის არსებობდა მხოლოდ ის სამი, რომლებიც „ენჯეოებმა“ დაასახელეს და სხვა არაფერი არ განიხილებოდა. სხვა – საზოგადოება, პარლამენტი და ხალხი – ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, გაზავებული იყო მისთვის, როგორც ჩანდა და ერთადერთი ლეგიტიმური დასახელებული კანდიდატი იყო „ენჯეოების“ მიერ დასახელებული, რომლებსაც ის თავად აფინანსებდა. ზუსტად ამაზე საუბრობს დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ ასეთი შეკრული წრე იყო შექმნილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ბევრი რამ დამოკიდებული არ არის, ურთიერთობის საქმე გაფუჭდა აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის ხელით და ეს საქმე შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ ისევ თავად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელით.

ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ეტაპზეა ხელისუფლების მიერ დაანონსებული გადატირთვის პოლიტიკა აშშ-თან და რა ნაბიჯები გაიდგა ამ მიმართულებით?

შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას გარკვეული კომუნიკაცია მოქმედ ელჩთან, რომელიც ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მედიასთან ხშირად არ გამოჩენილა, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ვხედავთ, რომ დანიგანი არ აქტიურობს არც საჯაროდ და არც სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობით არის დაკავებული.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპონენტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, იგივე USAID-ი და NED-ი ძალიან ბევრ სასარგებლო საქმესაც აკეთებდნენ, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე მნიშვნელოვნად ისახებოდა, შალვა პაპუაშვილმა კითხვითვე უპასუხა.

„ვინმემ კარგი საქმე თუ გააკეთა, ეს აძლევს უფლებას, რომ ხელისუფლება ააყირავოს, რევოლუცია მოაწყოს და საზოგადოება გახლიჩოს? ეს რამენაირად აძლევდა USAID-ს იმის უფლებას, რომ 2020 წელს დაემალა ჩვენთვის პარალელური დათვლის შედეგები? იმის გამო, რომ USAID-მა რომელიღაც ინსტიტუციის ვებგვერდი დააფინანსა და სადღაც სემინარი დააფინანსა, ამის გამო ეს უფლებას აძლევდა USAID-ის ამერიკელ თუ ქართველ თანამშრომლებს, ISFED-თან ერთად, რომ დაემალათ ჩვენთვის პარალელური დათვლის შედეგები?“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია რაღაც მავნე დაფინანსებებზე, თავად დამფინანსებელმა წყარომ თქვა ამასთან დაკავშირებით და ამას საქართველოს ხელისუფლებისგან მტკიცებაც კი აღარ სჭირდება.