იმ ხალხმა, რომლებიც სამი წლის წინ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, ქართველი ბიჭების ომში გაგზავნას, ესკალაციას, ახლა პირდაპირ აირჩიონ, შტერები იყვნენ თუ მავნებლები, როდესაც ამას ითხოვდნენ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანებს ვერ გაუგიათ მთავარი რამ, რატომ არსებობენ სახელმწიფოები, რატომ არსებობს ამ ქვეყნების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
„რატომ ვართ ცალ-ცალკე, ვიყოთ მაშინ ერთი დიდი ოჯახი, რაღაც გლობალისტური. რატომ არსებობენ სახელმწიფოები? იმიტომ, რომ ყველას თავისი სპეციფიკური ინტერესები აქვს და ყველა ამ ინტერესებით მოქმედებს. როგორც კი შენს ინტერესებს გადააბიჯებ და ამავე დროს ფიქრობ, რომ სხვა შენი სიკეთისთვის მოქმედებს მხოლოდ და სხვისი ინტერესია შენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა, ან შტერი ხარ, ან მავნებელი. ასე რომ, აირჩიონ ახლა ამ ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“. სამი წლის წინ ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ზუსტად ამ დღეებში ითხოვდნენ ამ ყველაფერს და 26 თებერვალს ბატონმა გონჩარენკომ, გახსოვთ, როგორ მოგვიწოდა სოციალური ქსელიდან, მიდით, აიღეთ აფხაზეთი და ცხინვალიო, თან ქართულად, და ვიღაცამ ხომ დაუწერა ეს ქართულად, რადგან გამართული ქართულით იყო და არა google translate-ით ნათარგმნი? ვიღაცამ ხომ დაუწერა და ქართულად რომ ამას წერ, მიდით, ქართველებო, შედით ცხინვალში, აფხაზეთში, რუსეთი მარცხდება, ახლა არ აქვს ამის თავიო, 26 თებერვალს ხდება ეს და 26 თებერვალსვე ქალაბატონი ნინო ლომჯარია რომ აკეთებს განცხადებას და იქვე, აქციაზე ყველა რომ ამ პათოსს იზიარებს, ბომბების ცეცხლი გვირჩევნია იმ სირცხვილსო, სირცხვილს კი ეძახის იმას, ჩვენ რომ ორმხრივი სანქციების დაწესებაზე ვთქვით უარი, ეს ხალხი, რომელიც სამი წლის წინ ზუსტად ამ დღეებში ითხოვდა სანქციების დაწესებას, ქართველი ბიჭების გაგზავნას ომში, ცის, საზღვრების ჩაკეტვას, ესკალაციას და ა.შ., ამისთვის მეორე კლასის გეოპოლიტიკის ცოდნაც კი არ არის საჭირო, რათა მიხვდე, რომ ეს იყო პირდაპირი ნაბიჯი ომში. აი, ამ ხალხმა ახლა პირდაპირ აირჩიონ, შტერები იყვნენ თუ მავნებლები, როდესაც ამას ითხოვდნენ. გაიხსენონ ის დღეები და თქვან, იდგნენ თუ არა სამი წლის წინ ამ დღეებში პარლამენტის წინ და ითხოვდნენ თუ არა საქართველოს ომში ჩართვას იმით, რომ სანქციები დაგვეწესებინა, მებრძოლები გაგვეგზავნა და ა.შ.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინას არცერთი ქვეყნისგან არ მოუთხოვია მეომრების გაგზავნა და როგორც კი რომელიღაც ქვეყნიდან რომელიმე მოხალისე წავიდა, აშშ-მა და ბრიტანეთმა საჯაროდ მოუწოდა ყველას, რომ არ წასულიყვნენ და, მათ შორის, ზოგიერთი ქვეყანა დაემუქრა კიდეც პასუხისმგებლობით ადამიანებს, რომლებიც ომში მიიღებდნენ მონაწილეობას, ჩვენთან კი ითხოვდნენ, ეს ყველაფერი ხელისუფლების ორგანიზებით მომხდარიყო და პირდაპირი ბილეთი ჰქონდათ გამოწერილი ჩვენთვის, რომ ომში ჩავრთულიყავით.