განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები ასე ძალიან გულადები რომ არიან ხოლმე ლაპარაკში, კარგად და თბილად არიან ატომური ქოლგის ქვეშ, მათ ტერიტორიაზე ერთი ჩიტიც რომ შეფრინდეს მათ დაუკითხავად, თავად თითის გატოკებაც არ მოუწევთ, რადგან დაცული არიან ნატო-ს ატომური ქოლგით, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ამაზე ვეკითხებოდით, ჩვენ დაგვიცავს ეს ქოლგა? – არაო. ზუსტად არის დათვლილი, რა ზიანს მიიღებდა საქართველო, ჩვენ რომ სანქციები დაგვეწესებინა. ეს იქნებოდა ეკონომიკის 18-პროცენტიანი ვარდნა. გვექნებოდა 2.5-ჯერ უფრო მეტი ეკონომიკური ვარდნა, ვიდრე ეს „კოვიდის“ დროს იყო, როცა მთელი საქართველო სახლში ვისხედით ჩაკეტილი. რომ ვეკითხებოდით, ეს რომ მოხდეს, რამე გარანტიებს გვაძლევთ ეკონომიკურს, არა, არ გვაძლევდნენ. მაშინ, რატომ? თუკი თქვენ დაფარული ხართ ბირთვული ქოლგით, ევროკავშირის ფინანსებით, ერთმანეთის სოლიდარობით და დახმარებით, ჩვენ, ნატო-ს არაწევრ ქვეყანას რა სინდისით გვთხოვთ, რომ ისევე გავრისკოთ ჩვენი ხალხით, როგორც თქვენ შეიძლება რისკავთ, იმიტომ, რომ დაფარული ხართ ამ ატომური ქოლგით, პასუხი იყო, აი, მიხაელ როთს გავიხსენებ. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, რომელიც შარშან თუ შარშანწინ შედგა, ვსაუბრობდით ზუსტად ამაზე და კიდევ ერთხელ ვუხსნიდი, ეს სანქციების მოთხოვნა და ასე შემდეგ, არის არაკეთილსინდისიერი საქართველოს მიმართ, ვინაიდან ქვეყანას, რომელიც ომს აწარმოებს, დედაქალაქიდან 30 კმ-ში, მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში განთავსებული ჰყავს სამხედროები, საკუთარი არმია და ამ პირობებში ჩვენგან რუსეთის მიმართ ესკალაციის მოთხოვნა არის არაკეთილსინდისიერი, ვინაიდან ამას მოჰყვება სისხლი, ცრემლი და ა.შ. მისი პასუხი იყო: რას იზამ, ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ. აი, ეს იყო მიხაელ როთის პასუხი. ამ შეხვედრას, სხვათა შორის, ესწრებოდა გერმანიის ელჩი, ესწრებოდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელი და გაფართოებული თვალებით უყურებდნენ, რას ლაპარაკობდა ეს ადამიანი. აი, ასეთი თავქარიანი ადამიანები დადიოდნენ გლობუსის გარშემო და დღეს სად არის მიხაელ როთი, ხომ ვნახეთ, აღარც ბუნდესტაგშია, აღარც პოლიტიკაში, არის თავისთვის სადღაც თბილად სავარძელში, უყურებს ტელევიზორს, ერთ-ორ პოსტს დაწერს ხოლმე და წუწუნებს ამა თუ იმ ქვეყნის ბედზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს ადამიანი შემდეგ აქციებზე იყო პარლამენტის წინ, რადგან ამ ხალხს პასუხისმგებლობა არ აქვთ.
„ასეთი ავანტიურისტი საქართველოს ბევრი არის შეჩვეული ამა თუ იმ ქვეყნიდან; ჩამოვლენ და არევენ, რა ედარდებათ? აი, გუშინ არჩევნები წააგო ვიოლა ფონ კრამონმა, ჯერ ევროპარლამენტში არჩევნები წააგო და გუშინ ბუნდესტაგში არჩევნები წააგო. ეს ადამიანი, რომელსაც არც ევროპარლამენტში წევრობა ანდო გერმანელმა ხალხმა და არც ბუნდესტაგის წევრობა, აქ დასმული ჰყავდა „ენჯოებს“ და ოპოზიციას გურუდ, რომ ჩვენთვის ჭკუა ესწავლებინა, რა არის სწორი, რა არის მართალი, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ეს ადამიანი რომ ჩამოდიოდა და გვირევდა სიტუაციას, სად იქნება ახლა? დაჯდება თბილად სადღაც სახლში, ჩვენ აქ აგვირევდა ცხოვრებას, რა მოჰყვებოდა ამ ჩვენს ესკალაციას, ვისი ტყვია გავარდებოდა, ვისი ტანკი დადგებოდა, ვისი სისხლი დაიღვრებოდა, ვინ ვის დაიტირებდა და ვინ ვისი დატირებული იქნებოდა, ეს უკვე იქნებოდა ისტორია, რომელზეც შეშფოთდებოდნენ, რაც კარგად იციან, ღრმა და ყოვლისმომცველი შეშფოთება. ასეთი რამ არ გვინახავს? 2008 წლის შემდეგ არ ვნახეთ ეს? არ ვნახეთ ხალხი, რომელმაც რამდენიმე თვეში გადატვირთა ურთიერთობა რუსეთთან და 2010 წლის 9 მაისს უკრაინის არმია იდგა წითელ მოედანზე და აღლუმს აბარებდა რუსეთის პრეზიდენტს ამერიკელი, ფრანგი, პოლონელი და ბრიტანელი სამხედროების გვერდიგვერდ?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ საქართველოს აქვს არა მხოლოდ 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია, არამედ აქვს საუკუნეების ისტორია ამ გეოპოლიტიკურ გარემოში და, სინამდვილეში, არაფერი ახალი არ ხდება, არც პოლიტიკურად, არც გეოპოლიტიკურად და არც ისტორიულად, რადგან ჩვენ სულ ასე ვიყავით.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იყო ამ დრომდე ხელისუფლების დუმილის მიზეზი, რადგან საზოგადოებისთვის მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა, შალვა პაპუაშვილმა კითხვითვე უპასუხა: „ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და არ ვიცი, რამდენი უნდა გვესაუბრა, დღეს რომ ვიტყვი, თქვენ გგონიათ, იმ ოპოზიციას ან „ენჯეოებს“ გონება გაუნათდებათ და რამე შეიცვლება მათ დამოკიდებულებაში?“
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანებს ვერ გაუგიათ მთავარი რამ, რატომ არსებობს სახელმწიფოები, რატომ არსებობს ამ ქვეყნების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
„რატომ ვართ ცალ-ცალკე, ვიყოთ მაშინ ერთი დიდი ოჯახი, რაღაც გლობალისტური. რატომ არსებობენ სახელმწიფოები? იმიტომ, რომ ყველას თავისი სპეციფიკური ინტერესები აქვს და ყველა ამ ინტერესებით მოქმედებს. როგორც კი შენს ინტერესებს გადააბიჯებ და ამავე დროს ფიქრობ, რომ სხვა შენი სიკეთისთვის მოქმედებს მხოლოდ და სხვისი ინტერესია შენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა, ან შტერი ხარ, ან მავნებელი. ასე რომ, აირჩიონ ახლა ამ ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“. სამი წლის წინ ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ზუსტად ამ დღეებში ითხოვდნენ ამ ყველაფერს და 26 თებერვალს ბატონმა გონჩარენკომ, გახსოვთ, როგორ მოგვიწოდა სოციალური ქსელიდან, მიდით, აიღეთ აფხაზეთი და ცხინვალიო, თან ქართულად, და ვიღაცამ ხომ დაუწერა ეს ქართულად, რადგან გამართული ქართულით იყო და არა google translate-ით ნათარგმნი? ვიღაცამ ხომ დაუწერა და ქართულად რომ ამას წერ, მიდით, ქართველებო, შედით ცხინვალში, აფხაზეთში, რუსეთი მარცხდება, ახლა არ აქვს ამის თავიო, 26 თებერვალს ხდება ეს და 26 თებერვალსვე ქალაბატონი ნინო ლომჯარია რომ აკეთებს განცხადებას და იქვე, აქციაზე ყველა რომ ამ პათოსს იზიარებს, ბომბების ცეცხლი გვირჩევნია იმ სირცხვილსო, სირცხვილს კი ეძახის იმას, ჩვენ რომ ორმხრივი სანქციების დაწესებაზე ვთქვით უარი, ეს ხალხი, რომელიც სამი წლის წინ ზუსტად ამ დღეებში ითხოვდა სანქციების დაწესებას, ქართველი ბიჭების გაგზავნას ომში, ცის, საზღვრების ჩაკეტვას, ესკალაციას და ა.შ., ამისთვის მეორე კლასის გეოპოლიტიკის ცოდნაც კი არ არის საჭირო, რათა მიხვდე, რომ ეს იყო პირდაპირი ნაბიჯი ომში. აი, ამ ხალხმა ახლა პირდაპირ აირჩიონ, შტერები იყვნენ თუ მავნებლები, როდესაც ამას ითხოვდნენ. გაიხსენონ ის დღეები და თქვან, იდგნენ თუ არა სამი წლის წინ ამ დღეებში პარლამენტის წინ და ითხოვდნენ თუ არა საქართველოს ომში ჩართვას იმით, რომ სანქციები დაგვეწესებინა, მებრძოლები გაგვეგზავნა და ა.შ.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინას არცერთი ქვეყნისგან არ მოუთხოვია მეომრების გაგზავნა და როგორც კი რომელიღაც ქვეყნიდან რომელიმე მოხალისე წავიდა, აშშ-მა და ბრიტანეთმა საჯაროდ მოუწოდა ყველას, რომ არ წასულიყვნენ და, მათ შორის, ზოგიერთი ქვეყანა დაემუქრა კიდეც პასუხისმგებლობით ადამიანებს, რომლებიც ომში მიიღებდნენ მონაწილეობას, ჩვენთან კი ითხოვდნენ, ეს ყველაფერი ხელისუფლების ორგანიზებით მომხდარიყო და პირდაპირი ბილეთი ჰქონდათ გამოწერილი ჩვენთვის, რომ ომში ჩავრთულიყავით.