რაც შეეხება შეფასებით ნაწილს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნება“ არის პროქართულად პოლიტიკური გუნდი, რომელიც 2012 წლიდან მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებით მოქმედებს. რაც შეეხება შეფასებით ნაწილს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სრული ღირებულებითი თანხვედრა არის ამერიკის შეერთებული შტატების უკვე მოქმედ ადმინისტრაციასთან, ბატონი ტრამპის ადმინისტრაციას ვგულისხმობ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, რითაც ომის დასრულებასთან დაკავშირებით გაეროში წარდგენილ რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა.
„რაც შეეხება რეზოლუციის ნაწილს, რომელიც გაეროში დარეგისტრირდა და რომლის თანასპონსორია საქართველო, აქაც გასაკვირი არაფერი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომლის სულის ჩამდგმელია ამ დაძაბული წლების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ახალი ადმინისტრაცია. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ რამხელა წნეხი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ მხოლოდ და მხოლოდ იმ სამშვიდობო პოლიტიკის გატარებისთვის, რაც ჩვენ გავატარეთ. ასე, რომრეზოლუცია იქნება, გადაწყვეტილება იქნება, თითოეული გადადგმული ნაბიჯი იქნება მშვიდობისკენ, არა მხოლოდ რეგიონში არამედ ზოგადად მსოფლიოში, ეს არის ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი მთავარი ხაზი და ეს წინასაარჩევნოდაც ასე იყო, ისევე როგორც ბატონი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში. ყველაფერს ვაკეთებდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთი აგური, ეს იქნება რეზოლიუცია თუ ნებისმიერი ჩვენი სხვა ქმედება, რომ საქართველომ ღირსეულად დადოს მშვიდობისათვის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რეგიონისთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სუფევდეს მშვიდობა მსოფლიოში. იმიტომ, რომ მხოლოდ მშვიდობას მოაქვს თითოეული ის ეკონომიკური ბენეფიტი, რაზეც ამა თუ ქვეყანამ შემდეგ თავი უნდა მოიწონოს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, საქართველო გაეროში ამერიკის რეზოლუციის თანასპონსორია. პროექტს, რომელიც ომის დასრულებას ეხება უკვე უერთდებიან უნგრეთი, ისრაელი და ჩრდილოეთ მაკედონია.