„ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრისგან საქართველოს დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კახა კალაძის თქმით, ბოლო პერიოდი საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო დამოკიდებულების თვალსაზრისით გამორჩეული იყო.
„ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში იმდენი უსამართლო გადაწყვეტილებისა და უსაფუძვლო განცხადების მომსწრენი ვიყავით, რომლებიც სიცრუეს ეფუძნება, რომ, შესაბამისად, მინისტრების შეხვედრისგან არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდები. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხდება და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, თუმცა, ყველას თავისი პრობლემა აწუხებს, და ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვზრუნავთ. შესაბამისად, დავაკვირდებით პროცესებს - რეალურად იქნება თუ არა გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში. ამას როგორ დავინახავთ? რა თქმა უნდა, ეს აისახება საქართველოსთან ურთიერთობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე ადრე დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ღრმად აქვთ ფესვები გადგმული.
„ეს უდიდესი პრობლემაა. ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით კონკრეტული დაჯგუფებების მიერ დაორგანიზებულ განცხადებებს. მათი მთავარი მიზანი და სურვილი იყო, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიღწევა, რათა თავიანთი აგენტურა მოეყვანათ ხელისუფლებაში, რომელიც რასაც დაავალებდნენ, იმას გააკეთებდა და ქვეყანა გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, რაც უმძიმესი იქნებოდა საქართველოსთვის. ჩვენ დავრწმუნდებით იმაში, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხებულია მაშინ, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში განსხვავებული დამოკიდებულება იქნება და ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყება, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.