2014 წელს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გავხდი, რამდენიმე დღეში ეს საქმე აღიძრა - ვინმემ არ მითხრას, რომ ივანიშვილმა თვითონ გაბედა საქართველოზე ათჯერ დიდი ქვეყნის რეგიონის ხელმძღვანელზე და ყოფილ პრეზიდენტზე საქმის აღძვრა - რა თქმა უნდა, ეს იყო მითითება და დავალება, იმიტომ, რომ ყელში ვყავდი გაჩხირული მის პატრონებს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლოზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, აღნიშნული პროცესის დასრულება რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამი წლის თავზე სურთ, რადგან „რუსეთის ტელევიზიებს ზარ-ზეიმით მოეხსენიებინათ“.
„რაც შეეხება იმას თუ რამდენად პოლიტიკურია ეს პროცესი. შევხედოთ ქრონოლოგიას და ყველაფერი ნათელი გახდება. 2014 წელს მე გავხდი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. რამდენიმე დღეში ამ მოვლენიდან, ე.წ ის საქმე აღიძრა, რომელსაც დღეს იხილავთ. შემდეგ, ძალიან გადამწყვეტ დროს, 2015 წელს, მე ვხვდები უკრაინის ყველაზე დიდი და ყველაზე სტრატეგიული ოლქის, რეგიონის, ოდესის, გუბერნატორი. ეს არის ის დრო, როდესაც რუსეთი ოდესის დაპყრობის მცდელობების ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს და ამ დროს, იქ მათ გზაზე ხვდებათ სააკაშვილი. ეს რა თქმა უნდა, მათ ძალიან აღიზიანებდა. ჰოი საკვირველება, რამდენიმე დღეში, რაც მე გუბერნატორი გავხდი, მგონი, დღევანდელი მოქმედი ე.წ. მოსამართლე უკრაინის ყველაზე დიდი ოლქის გუბერნატორის დაპატიმრების ბრძანებას გასცემს. ერთი სახე გაქვთ თქვენ - ეს არის ბიძინა ივანიშვილის. ვინმემ არ მითხრას, რომ ივანიშვილმა თვითონ გაბედა და თვითონ გადაწყვიტა საქართველოზე ათჯერ დიდი ქვეყნის იმ რეგიონის ხელმძღვანელზე და ასევე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე საქმის აღძვრა, რომელიც პრაქტიკულად, სიდიდით საქართველოს უტოლდება. რა თქმა უნდა, ეს იყო მითითება და დავალება. იმიტომ, რომ ყელში ვყავდი გაჩხირული მის პატრონებს. ამიტომ ქრონოლოგია დღესავით ნათელია და პროცესის დასრულებაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამი წლის თავზე გინდოდათ, რათა რუსეთის ტელევიზიებს ზარ-ზეიმით მოეხსენიებინათ. ეს არის ამ საქმის არსი“,- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, „დღევანდელი მთავრობა ზუსტად 4-ჯერ მეტს ხარჯავს“, ვიდრე თავად ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
„დღევანდელი მთავრობა ხარჯავს ზუსტად 4-ჯერ მეტს, ვიდრე მე ვხარჯავდი მაშინ. ეს ვიცი ზუსტად. თქვენ არ მოხსენით გრიფით საიდუმლო ამ მთავრობის ხარჯებს მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, რომ მე გაგემტყუნებინეთ და ამათ ვითომ არაფერი. ესენი მართლა ღრეობებზე, ორგიებზე ხარჯავენ, მართლა საზიზღრობებზე, უამრავი არასაჭირო ნივთის შეძენაზე. რომ გადამაყოლეთ თანამედროვე სურათის ყიდვას, ის სურათი სახლში წავიღე? იქ კიდია პრეზიდენტის სასახლეში, რომელიც თქვენ გააუქმეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, სხდომაზე სააკაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი მას „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლსა და რეფორმატორს უწოდებდა“.