„მსურს, ძალიან მოკლედ, შევეხო ბაჩიაშვილის მცდელობებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განმარტებების მიცემის პროცესში, საკითხი წარმოეჩინა იმგვარად, რომ თითქოს მას როგორც მორალურად, ასევე თურმე ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ეკუთვნოდა კრედიტი და მიიღო კიდეც“-წერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე სოციალურ ქსელში.
ადვოკატი „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.
როგორც ადვოკატი პოსტში აღნიშნავს, როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, მიაჩნია, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, კვლავ არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება.
„ე.წ მორალურ კატეგორიას მიეკუთვნება ორი ცრუ გარემოება, რომ თითქოს ბრალდებულს დაბალი ხელფასი ჰქონდა ფონდში და რისკიან დავალებებს ასრულებდა. ამ ცრუ გარემოებებით ბრალდებული ცდილობს იმის დადასტურებას, რომ მას ეკუთვნოდა კრედიტი მაინც, დაბალი შემოსავლისა და განსაკუთრებული დავალებების შესრულების გამო.
ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილის ხელფასი ფონდში ბანკი ქართუს გენერალური დირექტორის ხელფასს რამოდენიმეჯერ აღემატებოდა. უფრო მეტიც, სრულ შესაბამისობაში იყო ტოპ მენეჯერების ყველაზე მაღალ ანაზღაურებასთან, რაც კი არსებობდა იმ პერიოდში ქართულ საფინანსო სექტორში. გარდა ამისა, ცხადია იღებდა დამატებით ანაზღაურებას, ბონუსებს. შესაბამისად, ბრალდებულის აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა.
ტყუილია ისიც, რომ ის თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო და ამავდროულად სარისკო დავალებებს ასრულებდა. ერთის მხრივ, ასეთი დავალებები ბუნებაში არ არსებობდა. მეორეს მხრივ კი, ჩემი მარწმუნებლის განმარტებით, თავად ბაჩიაშვილი ყოველთვის იყო მის პროფესიულ საქმიანობაზე ორიენტირებული, ფრთხილი ადამიანი. ამიტომ სიცრუე და აბსურდია რაღაც საიდუმლო და რისკიან დავალებებზე საუბარი მისი მხრიდან.
მესამე ცრუ გარემოება კი აპელირებას ახდენს თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებულ არაჯანსაღ საბანკო პრაქტიკაზე, როდესაც მისი ახლობლები თუ ნაცნობები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ, მათ შორის დაკრედიტების პროცესში. აღნიშნულიც წარმოადგენს ტყუილს, რადგან პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითაც დადასტურდა, რომ დაახლოებით ოც წლიან (თუ მეტი არა) პერიოდში არცერთი ბიზნეს კრედიტი არ არის გაცემული უზრუნველყოფის გარეშე მესამე პირზე და ამავდროულად, შემდგომში უზრუნველყოფილი ჩემი მარწმუნებლის პირადი ქონებით (დამონტაჟებული ჩანაწერის ტექსტშიც ნათლად ვლინდება ეს).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, მიმაჩნია, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, კვლავ არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება, რაც, ჩემი აზრით, ცალსახად მიუთითებს ბრალდებული მხარის პოზიციების სისუსტეზე და საპირისპიროდ, დაზარალებულის პოზიციის სისწორეზე, რეალობასთან შესაბამისობაზე“-წერს თეიმურაზ წიქვაძე.