24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაეროს ისტორიულ რეზოლუციას წარუდგენს, - წერს სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
„აშშ-ის პრეზიდენტი ერთგულია იმ იდეის, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ბოლო მოეღოს. ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ისტორიულ რეზოლუციას შესთავაზებს, რომელიც გაეროს ყველა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს, რათა გზა მშვიდობისკენ დასახული იყოს“, - აზიარებს რუბიო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებისთვის იღვწის და არა უბრალოდ დროებითი პაუზისთვის.
„ეს ომი უკვე ძალიან გაგრძელდა და ძალიან ძვირი დაუჯდა უკრაინას და რუსეთს. ეს რეზოლუცია შეესაბამება პრეზიდენტ ტრამპის აზრს იმის თაობაზე, რომ გაერო უნდა დაუბრუნდეს თავის ფუნდამენტურ მიზანს, რომელიც გაეროს განკარგულებაში წერია - ხელი შეუწყოს საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას, მათ შორის კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დადგა მომენტი, როდესაც „პასუხისმგებლობა ომის დამთავრებასთან დაკავშირებით უნდა იყოს აღებული“.
„ეს ჩვენი შანსია, რათა რეალური იმპულსი მივცეთ მსოფლიოს. ჩვენ მოვუწოდებთ გაეროს ყველა სახელმწიფო-წევრ ქვეყნებს შეურთდნენ აშშ-ს ამ მნიშვნელოვან მისწრაფებაში“, - წერია განცხადებაში.