ირაკლი რუხაძე: სანამ ევროპა 17 წლის მანძილზე ნულზე იდგა, ამერიკა და საქართველოც ნომინალში გაორმაგდა

ირაკლი რუხაძე: სანამ ევროპა 17 წლის მანძილზე ნულზე იდგა, ამერიკა და საქართველოც ნომინალში გაორმაგდა

2008 წელს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი იყო. ამ კრიზისიდან ასე თუ ისე ყველა გამოვიდა. ინგლისს, საფრანგეთს, გერმანიას აქვთ ნული ზრდა 17 წლის განმავლობაში, ამერიკაში და საქართველოშიც არის ასპროცენტიანი ზრდა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „იუთუბ“ არხზე, გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ იაგო ხვიჩიასთან, „გირჩსა“ და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად.

„თქვენ ხომ მეუბნებით, რომ „ქართული ოცნება“ მცდარ ნარატივს აქვეყნებს. მე მინდა გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას“ მცდარი ნარატივი არ აქვს. საქართველოში იყო ასპროცენტიანი ზრდა და ამერიკაშიც იყო ასპროცენტიანი ზრდა, ანუ, სანამ ევროპა ნულზე იდგა, 17 წელია, ამერიკა გაორმაგდა და საქართველოც გაორმაგდა ნომინალში, PPP-ში (Purchasing Power Parity, მსყიდველობითი უნარის პარიტეტი) საქართველო გახუთმაგდა. „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა ის რეფორმა, რომ მე ხელს არ მიშლიან საერთოდ, რაც მინდა ის გავაკეთო. მე მაქვს გამოცდილება, მაიამიში ვაშენებდი ოთხ უზარმაზარ შენობას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კუნძულზე და ამიტომ მე ვიცი რა არის, როდესაც ნებართვების აღება პრობლემატურია და როგორია საქართველოში ნებართვის აღება“, - განაცხადა რუხაძემ.

რუხაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ანგრევდა საქართველოს ეკონომიკას.

„ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მაგალითი მიშა როგორ ანგრევდა ეკონომიკას - როდესაც თქვენი საყვარელი მილტონ ფრიდმანი ეხმარებოდა პინოჩეტს და მას ეუბნებოდნენ რატომ ეხმარები ცუდ კაცსო, მე ცუდ კაცს კი არ ვეხმარებიო, თუ დამიჯერა იმან ცუდი კაცი ვეღარ იქნებაო. ასეც მოხდა, პინოჩეტი გადადგა და ჩილეს ეკონომიკა აყვავდა. ჩვენი „მილტონ ფრიდმანი“, როდესაც ეხმარებოდა ჩვენს პინოჩეტს, ჩვენმა პინოჩეტმა ფრიდმანი გადააგდო, კახა ბენდუქიძე გაუშვა იმიტომ, რომ ეკონომიკას ანგრევდა და დაანგრია კიდევაც“, - აღნიშნა რუხაძემ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მისცა საშუალება ბიზნესმენებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, აკეთოს ბიზნესი. მაგალითისთვის მან თემურ ჭყონია მოიყვანა და აღნიშნა „მაკდონალდსის“ რაოდენობა 2012 წელს და 2012 წლის შემდეგ.

„მთავარი რეფორმა არის ის, რომ ხალხს მიეცა საშუალება ფული გამოაჩინოს. სააკაშვილის დროს ორ მილიონზე მეტი რომ ჩაგერიცხებოდა ბანკში, თუ ახლობელი იყავი უნდა დაგებანდებინა და თუ მტერი იყავი, უნდა წაერთვათ. დღეს ჩვენ შეგვიძლია ფული გავაკეთოთ, დავაბანდოთ. სააკაშვილის დამპალ საძირკველზე სწორი ეკონომიკა ვერ აღმოცენდებოდა", - აღნიშნა რუხაძემ.