სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და რუსეთი ჩამოაყალიბებენ მექანიზმს არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღსაკვეთად

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და რუსეთი ჩამოაყალიბებენ მექანიზმს არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღსაკვეთად

აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ ჩამოაყალიბონ საკონსულტაციო მექანიზმი ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღსაკვეთად. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„შევთანხმდით შევქმნათ საკონსულტაციო მექანიზმი ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღსაკვეთად იმ ზომების გასატარებლად, რაც ჩვენი დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზებისთვის არის საჭირო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ერთად, აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ საფუძველი ჩაუყარონ მომავალ თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთო გეოპოლიტიკურ ინტერესს წარმოადგენს, აგრეთვე ისტორიული ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობები, რაც უკრაინაში კონფლიქტის წარმატებული დასრულების შემდეგ გაჩნდება.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მოლაპარაკებები გამართეს. რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი. აშშ-ის დელეგაცია მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო მდივნით მაკრო რუბიოთი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლით მაიკ უოლცით და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლით სტივ უიტკოფით.