აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მარკო რუბიოს თქმით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი უკრაინისთვის ისეთი მშვიდობის უზრუნველყოფაა, რომელიც იქნება „სამართლიანი, მდგრადი, ხანგრძლივი და ყველა მხარისთვის მისაღები“.
„როგორი იქნება ეს შეთანხმება? სწორედ ამაზე იქნება საუბარი მომდევნო ეტაპზე“, -განაცხადა რუბიომ.
რუბიოს თქმით, რუსეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების ნაწილი შეიძლება მოიხსნას სამშვიდობო დარეგულირების ფარგლებში.
თუმცა, რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველა მხარემ გარკვეული დათმობები უნდა გააკეთოს“ და დასძინა, რომ „ჩვენ წინასწარ არ განვსაზღვრავთ, როგორ გამოიყურება ეს დათმობები“.
სახელმწიფო მდივანმა უარყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ უკრაინა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებში აქტიურად ჩართული არ არის და განმარტა, რომ კონფლიქტის დასასრულებლად ყველასთვის უნდა იყოს მისაღები მისი შედეგი.
რუბიოს თქმით, „მსოფლიოში ერთადერთი ლიდერი, რომელსაც ამის განხორციელება შეუძლია, პრეზიდენტი ტრამპია“.
თუმცა, სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მოსალოდნელი შედეგის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო კომუნიკაციის არხების აღდგენა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.
რუბიომ ასევე განაცხადა, რომ საუბარი იყო ორი ქვეყნის დედაქალაქებში დიპლომატიური მისიების აღდგენასა და მაღალი დონის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებაზე.
მან დასძინა, რომ დარწმუნებულია, რომ რუსეთი მზადაა სერიოზული მოლაპარაკებების დასაწყებად.