ეს ფრაგმენტი იყო საზღვარგარეთ და ამასაც ცალკე ძალისხმევა დასჭირდა, რომ შემდეგ ეს ფრაგმენტი დაბრუნებულიყო საქართველოში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ისკანდერთან“ დაკავშირებით.
მისივე თქმით, გასაკვირია, რომ ყოველგვარი მიღება- ჩაბარების აქტების, დოკუმენტაციების გარეშე გაიტანეს საქართველოდან ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება.
„ეს ფრაგმენტი იყო საზღვარგარეთ და ამასაც ცალკე ძალისხმევა დასჭირდა, რომ შემდეგ ეს ფრაგმენტი დაბრუნებულიყო საქართველოში. გასაგებია, რომ შეიძლება ჩვენს პარტნიორებს ჰქონდათ ინტერესი შეესწავლათ მაშინ „ისკანდერის“ დეტალები და სამხედრო მნიშვნელობით შეიძლება საინტერესო იყო, მაგრამ ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი, რათა დადგენილიყო, რომ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულები იყო ჩადენილი.
ამიტომ, გასაკვირია საერთოდ, ასე, ყოველგვარი რაღაც მიღება- ჩაბარების აქტების, დოკუმენტაციების გარეშე გაიტანეს საქართველოდან ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება და შემდეგ დაჭირდა დიდი ძალისხმევა, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან, რომ დაერწმუნებინათ ის ინსტიტუციები, ვისაც ეს მფლობელობაში ჰქონდა, რომ დაებრუნებინათ „ისკანდერის“ ნაწილები საქართველოში. ამან მოიტანა, საბოლოო ჯამში, გამარჯვება ყველა სასამართლოში, თორემ პირწმინდად წაგებული ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობას“ ისეთ გზაზე იდგა ეს საქმეები და ეს იყო, რა თქმა უნდა, კიდევ დამატებითი დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ისკანდერი იყო ოქროს მტკიცებულება, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, დამიზნებით, განზრახვით იქნა გამოყენებული ეს კასეტური იარაღი.