ეს არის მიუღებელი და ასეთი ფაქტი ყველამ უნდა დაგმოს. და მეორე, ეს არის გარედან თავს მოხვეული სიძულვილის გარემო, რომელიც შექმნილია მათ შორის უცხოური დაფინანსების მილიონების ჩასხმით იმისთვის, რომ წაკიდონ საზოგადოება ერთმანეთს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, მედიის წარმომადგენელთან საუბრისას, რომელმაც მას სალომე ზურაბიშვილის მიმართ ინციდენტის შეფასება სთხოვა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ფაქტი არის მიუღებელი და დასაგმობი. მისივე განცხადებით, სიძულვილის კამპანია ფინანსდება და არის წახალისებული გარედან.
„რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტია და მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთ ფაქტებზე ყველას ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება.
მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, განსაკუთრებით ეს ეხება დონორებს და ზოგიერთ ელჩს, რომელიც საქართველოში თესავს ზიზღის, აუტანლობის, განხეთქილების გარემოს. ამას აკეთებენ დაფინანსებით. ევროკავშირის ელჩი ვახსენე წეღან და ნაცვლად იმისა, რომ მორალი უკითხოს ქართველ ხალხს ევროკავშირის ელჩმა, ჩემი მოლოდინი იქნებოდა, რომ ის გაასაჯაროებს ევროკავშირის თითოეულ ცენტს, დაფინანსებისას საქართველოში. განსაკუთრებით ეს ეხება „ევროპის დემოკრატიის ფონდს“, რომლის ფულიც ზუსტად რადიკალიზმის გაღვივებაში იხარჯება, რომლის ფული ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებაში იხარჯება. ეს ყველაფერი მან ძალიან კარგად იცის. ცენტებით იცის და პროექტებით იცის ევროკავშირის ელჩმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველა დონორი ვალდებულია, რომ გაემიჯნოს სიძულვილის კამპანიის მწარმოებელ ორგანიზაციებს.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები დაუპირისპირდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ზურაბიშვილს კვერცხები ესროლეს.