საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს სოციალურ ქსელ X-ში, სადაც ის დიპლომატს მოლდოვისთვის 1 800 000 000 ევროს გადაცემის შესახებ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის გამო აკრიტიკებს.
ფიშერმა პაპუაშვილის პოსტს კომენტარის სახით მიაწერა, რომ მოლდოვის დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გეგმების დოკუმენტი ღია სივრცეში დევს და ყველასთვის ხელმისაწვდომია. საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად მან ევროკომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც ნამდვილად წერია, რომ 1 800 000 000 ევროდან 1 500 000 000 ევრო მოლდოვას სესხის სახით გადაეცემა.
ცნობისთვის, ფიშერმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მოლდოვას 1 800 000 000 ევროს გადასცემს, თუმცა საზოგადოებას დაუმალა, რომ ამ თანხიდან 1 500 000 000 ევრო სესხია და ეს თანხა მოლდოვამ პროცენტებით უნდა დაუბრუნოს.