ძალიან საინტერესო რამ ხდება, პირველ რიგში, ჩვენს ოპონენტებში, ამ კანონის დაინიციირებასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ თურმე „ფარა“ გაცილებით მკაცრი კანონი ყოფილა, ვიდრე ის, რაც თავის დროზე მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში, რომელიც „გამჭვირვალობის კანონის“ სახელით არის ცნობილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ „ფარაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ეს კანონი ამოქმედდა, თუმცა, გარკვეულწილად დრომ გვაჩვენა, რომ არის ხარვეზებიც. მათ შორის ის, რომ თითქმის ყველა იმ დიდი ორგანიზაციიდან, რომელიც მნიშვნელოვან გრანტებს იღებს უცხოეთიდან, არც ერთი დარეგისტრირებულა კანონით განსაზღვრულ რეესტრში, შესაბამისად ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კანონის მოქმედება არ არის ისეთი ეფექტური, რისი მოლოდინიც თავიდანვე არსებობდა.
ამასთანავე ამ შესრულებულმა გარემოებებმა, ამ ქუჩის საპროტესტო აქციებმა, რომელიც ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ უცხოეთიდან ფინანსდება, კიდევ უფრო აუცილებელი გახადა ამ მიმართულებით მოქმედებების გამკაცრება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად შესაბამისობაშია იმ მოთხოვნებთან, რაც დღეს დადგა დღის წესრიგში საქართველოში.
ამერიკაში 1938 წელს მიღებული კანონით, ხშირად სპეკულირებენ ამ თარიღით, მან არაერთი ცვლილება განიცადა და ჩვენ ვაპირებთ სწორედ დღევანდელი რედაქციით ამ კანონის კოპირებას, ქართულად თარგმნას და მის დამტკიცებას, როგორც ქართული კანონის. ვთვლით, რომ ის საუკეთესოდ შეასრულებს იმ მიზანს, რაც დღეს ჩვენთვის არის აქტუალური“, - აღნიშნა პაატა სალიამ.