"ოცნების ქალაქის" პროექტი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში განაცხადა, სადაც "ოცნების ქალაქის" მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტის განხორციელება სწორედ ამ გარემოს შექმნასთან არის დაკავშირებული.
„ახალ ეტაპზე ასევე იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის, რეკრეაციული ზონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რომლითაც თქვენ, ჩვენი თანამოქალაქეები ისარგებლებთ.
ეს პროექტი ასევე ბათუმის განვითარებაში შეიტანს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს, გაჩნდება ახალი საცხოვრებელი ფართები, სკოლა, ბაღი და სხვა ობიექტები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და რა თქმა უბდა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ თვალსაზრისითაც არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული პროექტის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებაში, მადლობა პროექტის ავტორებსა და არქიტექტორებს, რომელთა პროფესიონალიზმი აისახა ამ პროექტის წარმატებაში, ასევე, მადლობა მშენებლებს, ინჟინრებს, ტექნიკურ პერსონალს - ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა იმისათვის, რომ პროექტის პირველი ფაზა წარმატებით დასრულებულიყო. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის მეორე ფაზა ასეთივე წარმატებით განხორციელდება. ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. 2028 წელს დასრულდება პროექტის მეორე ფაზა და ყველას წინასწარ გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.