ძალიან მოკლედ შევეხები იმ ცვლილებებს, რომელიც უკვე მივიღეთ და რომელიც იცით თქვენ, რომ დღეს ევროკავშირის გარკვეული ლიდერების კრიტიკის საგანი გახდა, რომ თურმე ჩვენ უნდა დაველოდოთ ეუთო/ოდირის დასკვნას და მანამდე არ უნდა მიგვეღო ეს კანონმდებლობა, ოღონდ ეს ის ეუთო/ოდირია, რომლის რეალური დასკვნა, საბოლოო და შუალედური, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე აღმოჩნდა, რომ საინტერესო არ ყოფილა თურმე და არ აქვს მნიშვნელობა ეუთომ რა თქვა და ამიტომ კანონმდებლობა არ უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ, მათ დასკვნას უნდა დაველოდოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის მიერ საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, განცხადებაში სამჯერ ნახსენებია „საქართველოს ხელისუფლება“, შესაბამისად, თუკი „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებად აღიარებენ, მაშინ უნდა მოუწოდონ ოპოზიციურ პარტიებს, რომ შემოვიდნენ პარლამენტში. მანვე აღნიშნა, რომ ორმაგი სტანდარტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რეალურად რა დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის გარკვეულ ლიდერებს არა ხელისუფლებასთან, არამედ საქართველოსთან და ხალხთან მიმართებაში.
„მეორეს მხრივ აღმოჩნდა, რომ ამ განცხადებაში ქალბატონები სამჯერ ახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას. ანუ თუ საქართველოს ხელისუფლებად გვაღიარებთ, თუ არჩევნების შედეგებს აღიარებთ, მაშინ ჭკუას ნუკი გვარიგებთ კიდევ ერთხელ, მაშინ მოუწოდეთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ შემოვიდნენ პარლამენტში, შეეშვან ქვეყნის ჯანჯღარს, ასეთ დამოკიდებულებას, პოლარიზაციის გაღრმავებას და ა.შ. თუმცა ეს ორმაგი სტანდარტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რეალურად რა დამოკიდებულება აქვთ არა ხელისუფლებასთან, არამედ ჩვენ ქვეყანასთან და ხალხთან მიმართებაში. როცა სჭირდებათ ეუთოს დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და არჩეული ხელისუფლება ვართ და მზად არის თავად ეუთო ჩვენთან თანამშრომლობისთვის, თურმე ეს დასკვნა არ არსებობს და ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ახლა ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და საჭიროა იმისათვის, რომ სახელმწიფოს მეტი მექანიზმი ჰქონდეს დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები, თურმე ეს არ უნდა მიგვეღო“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.