თამარ ჩიბურდანიძე: სულ მალე სიხარულით ვიტყვით იმ სიტყვებს, რაც გვსურდა 2 წლის წინ გვეთქვა -Welcome to Georgia FARA!

თამარ ჩიბურდანიძე: სულ მალე სიხარულით ვიტყვით იმ სიტყვებს, რაც გვსურდა 2 წლის წინ გვეთქვა -Welcome to Georgia FARA!

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ინიციატივას - პარლამენტმა ქართული გამჭვირვალობის კანონის ნაცვლად, ამერიკული FARA მიიღოს.

„ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას! ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სავარაუდოდ,  საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ირიბად  ქართული პოლიტიკის მართვით იყვნენ დაკავებულნი, ფუნქციონირებას  შეწყვეტენ საქართველოში“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ქართული გამჭვირვალობის კანონი მსუბუქი იყო იმისთვის, რომ მდიდარი ენჯეო სექტორისთვის პოლიტიკური პროცესების მართვა შეეზღუდა, ამერიკული FARA კი ამას ნამდვილად შეძლებს. თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ ვერავინ გაბედავს ამერიკულ FARA-ს რუსული კანონი უწოდოს, მათ შორის, ვერ აშშ-ს მოქმედი ელჩი საქართველოში ვერ მიბაძავს თავის წინამორბედს და ვერც მიაყენებს შეურაცხყოფას საკუთარ სახელმწიფოს.

“ორი წლის წინ, როდესაც “ხალხის ძალამ” წარადგინა კანონი გამჭვირვალობის შესახებ, მაშინვე იყო საუბარი, რომ ეს ძალიან მსუბუქი კანონია და შესაბამის შედეგს ვერ  მოგვცემდა, რომელიც დაიცავდა სახელმწიფო უსაფრთხოებას უცხო ქვეყნის ფინანსების გავლენებისგან. თუმცა, ყველას  კარგად გვახსოვს, თუ რა მოჰყვა იმ მსუბუქ კანონსაც და რამხელა ბულინგი წამოვიდა ჩვენზე, როგორ მოატყუეს საზოგადოება და გამოიყვანეს ქუჩაში.

მიუხედავად იმისა, რომ შარშან პარლამენტმა მაინც მიიღო “გამჭვირვალობის შესახებ კანონი”, ეს კანონი ვერ მოგვცემდა სათანადო შედეგს, რადგან იყო მსუბუქი და ნებაყოფლობითი. ჩვენს მილიონერ ენჯეო სექტორს, რომელიც უცხო ფულით ქართულ პოლიტიკას მართავდა, ეს მსუბუქი კანონი ვერ შეაჩერებდა. 

ამიტომ, მივესალმებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მიერ გაცხადებულ ინიციატივას ამერიკული FARA-ს ასლი  კანონის მიღების თაობაზე. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას! ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სავარაუდოდ,  საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ირიბად  ქართული პოლიტიკის მართვით იყვნენ დაკავებულნი, ფუნქციონირებას  შეწყვეტენ საქართველოში, რადგან მათ აღარ მიეცემათ ამის საშუალება. 

აბა, ვინ გაბედავს დღეს და ეტყვის დონალდ ტრამპს, რომ ამერიკული კანონი რუსულია? აბა, ვინ ჩადგება რიგში კიდევ ერთხელ ჩვენი ბულინგისთვის? ვინ დააპირებს ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ახალგაზრდების გაბრიყვებას? აბა, გაბედოს ამერიკის ელჩმა და კელი დეგნანის მსგავსად, შეურაცხყოფა  მიაყენოს საკუთარ ქვეყანას და “რუსულად” მონათლოს ამერიკული კანონი?! დღეს მსოფლიოში ახალი ეპოქა დაიწყო და ვინც ამ წესებს არ მიჰყვება, დროის მანქანა გადაუვლის. 

ჩვენ კი, სულ მალე, სიხარულით ვიტყვით იმ სიტყვებს, რაც გვსურდა 2 წლის წინ გვეთქვა: -Welcome to Georgia FARA!“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.