„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ და „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა იუთუბ არხზე თემაზე: „რას ნიშნავს „ენჯეოშნიკობა“ ისაუბრეს.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ენჯეოში“ იგულისხმება გავლენის ინსტრუმენტები ქვეყანაში, რომ მათთვის სწორი იდეოლოგია გაავრცელონ საქართველოში.
„პოლიტიკურ-საქველმოქმედო იდეოლოგია, რომელსაც შენ ავრცელებ სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც პოლიტიკური კულტურა დაბალია და შენ გინდა ცივილიზაცია შეიტანო. ზოგადად შეიძლება იდეა კეთილშობილურია, მაგრამ საქართველოს რეალობაში რაც ფიზიკურად მოხდა, საქართველოში რეალურად მოხდა ის, რომ ყველაზე სახელგატეხილი ხალხი, სხვადასხვა მიმართულებით, შემორჩა ენჯეოებში, ან ასე შეარჩიეს. ბუნებრივად „გაიჩითა“, რომ „ენჯეოშნიკობა“ ნიშნავს რაღაცა ტიპის ტყუილს. სადაც იტყუები, ანგარიშის შევსებისას, რეპორტებში, ან ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პროცესში იტყუები. რაღაც თვალსაზრისით შენ ხარ ტიპი, რომელიც ვიღასთანაა დალაგებული, რაღაცნაირად ფინანსდება და სულ იტყუება შინაარსობრივად. შეიძლება ხანდახან რამე კარგი საქმეც გააკეთოს“, -აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ამავე გადაცემაში USAID-ის მიერ საქართველოში დაფინანსების მიზნობრიობაზე ისაუბრა პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ისეთი რაღაცები ფინანსდებოდა ამერიკიდან, რომელიც არასდროს იქნებოდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი.
„USAID-ის სკანდალზე რაც ხდება ამერიკაში, დამკვეთი თვითონ მემარცხენეები იყვნენ, თან ისეთ პრობლემებზე ორიენტირებულები, რომლებიც ამერიკაში არის პრობლემა და ჩვენთან რეალურად არ არსებობდა და ქართველი „ენჯეოები“ ერგებოდნენ იმ რაღაც იდეას იმიტომ, რომ დამკვეთი გყავს და ფულს გაძლევს. გადაწყვეტილების მიმღები ვინც არის. როგორ შეიძლება ის გულწრფელი იყოს. ამერიკელებისა და ევროპელების პრობლემები ჩვენთვის არ არის აქტუალური, არასდროს იყო აქტუალური. USAID-ის ისტორია გვაჩვენებს, რომ ისეთი რაღაცები ფინანსდებოდა ამერიკიდან, რომელიც არასდროს იქნებოდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
„43 მილიონი დაუხარჯავთ და რანაირად მოახერხეს, რომ 1000 ლარიც არ დაგვახარჯეს ჩვენ“, - თქვა რაქვიაშვილის პასუხად იაგო ხვიჩიამ.