სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, 2024 წლის განმავლობაში ჩატარებული სასწავლო კურსების ფარგლებში, 900 პირმა მიიღო კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატი. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობდნენ რეგულირებადი კომპანიების, ბიზნესის, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.
გარდა ამისა, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით განხორციელდა ექსკლუზიური საგანმანათლებლო პროექტი სახელწოდებით-„ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“. პროექტში ჩართული იყო მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვადსხვა სკოლების მოსწავლეები. კერძოდ, ქალაქ მცხეთის, სოფელ მუხრანის, ახალდაბისა და წეროვანის საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სკოლის მოსწავლეების ინფორმირება ენერგეტიკის საკითხებზე და ცნობიერების ამაღლება განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის საკითხებში. გასვლითი ღონისძიებები ენერგოობიექტებზე, თემატური ნამუშევრების მომზადება და საზაფხულო სკოლის ორგანიზება.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში განხორციელდა პროექტი „განახლებადი ენერგიის როლი კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში.“ პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამეგრელო-ზემო-სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების შერჩეულ სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება განახლებადი ენერგიების როლის შესახებ კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში. სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტერესის გაღვივება აღნიშნული საკითხების მიმართ, ქვეყნის განახლებადი რესურსებისა და კლიმატის მიმართ ზრუნვის ჩამოყალიბება, მდგრადი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობა, მომავალსა და კეთილდღეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა და გაძლიერება. პროექტის შედეგად, 500-მდე მოსწავლემ 38 სხვადასხვა სკოლიდან მიიღო ინფორმაცია განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში.
სხვადასხვა პროექტებთან ერთად ცენტრის ჩართულობით 2024 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს პროექტი ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებ გვერდი v4share.com. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ხოლო პარტნიორებს წარმოადგენენ : Research Center of the Slovak Foreign Policy Association (RC SFPA), სლოვაკეთი, Charles University Environment Center, ჩეხეთი, Partners for Climate Foundation (P4C), პოლონეთი.
პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში; მარეგულირებელი ბაზის შესწავლა-ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ადგილობრივი აქტორების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.