ორი გზავნილი მინდა თქვენი დახმარებით მივიტანო ჩვენს საზოგადოებამდე. პირველი, თუ თქვენ დაინახეთ, რომ ჩვენი უფლებამოსილება რატიფიცირებულ იქნა, ანუ დამტკიცდა, ეს არის უკვე ძალიან დიდი წარმატება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„თუ თქვენ დაინახეთ, რომ ეს რატიფიცირება არ არის უბრალოდ რატიფიცირება, მაგრამ არის რატიფიცირება დათქმებით, ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა გქონდეთ იმის სრული რწმენა, რომ ჩვენი დელეგაცია ძალიან სერიოზულად განიხილავს ამ დათქმებს, გამოთქვამს აზრს და იტყვის რომელი დათქმა არის მეტ-ნაკლებად მისაღები, რომელი მისაღები და რომელი აბსოლუტურად მიუღებელი.
თუ თქვან დაინახეთ, რომ ჩვენი უფლებამოსილება რატიფიცირებული არ იქნა, ამას ახსნა არ სჭირდება რას ნიშნავს. მე რა თქმა უნდა ბოლო ვარიანტს არ გამოვრიცხავ, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ვფიქრობ ეს ასე იქნება, ვერ ვიტყვი. თუმცა, გამორიცხული არაფერია. უფრო პირველი ან მეორე ვარიანტი და დათქმები რა იქნება.
როგორც კი ჩვენ გვეცოდინება დათქმები რა არის, რა თქმა უნდა თუ თქვენი სურვილი იქნება მე ისევ გამოვცხადდები თქვენს წინაშე და ჩაგაბარებთ ანგარიშს რა დათქმები დაგვიდეს და რომელი დათქმა არის მისაღები, მიუღებელი, აღმაშფოთებელი, ან მოსაწონი.
თუ დათქმები იქნა, შეიძლება დღეს ან ხვალ ვიცოდეთ ამის შესახებ და ჩვენ ამაზე შევძლებთ დებატებამდე და კენჭისყრაზე ჩვენს საზოგადოებასთან საუბარს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
27-31 იანვარს, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი ზამთრის სესია მიმდინარეობს.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით.