სკანდალური მგონი რბილი შეფასებაა, თუმცა თვითონ სკანდალური სიტყვა ხისტია თავისი შინაარსით, მაგრამ, ეს უკვე სკანდალურობასაც სცილდება მნიშვნელოვნად, ვინაიდან აქ ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველო ჩაერთოს ისეთ პროცესებში, რომელიც მას გაასწორებს მიწასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „დღის ქრონიკაში“, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ აშშ-სთვის საქართველოს „სათამაშო მოედნად“ გამოყენების შეთავაზებას.
გიორგი ვოლსკის თქმით, თუ ეს დაპირისპირება იარსებებს დასავლეთს, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და ამ დაპირისპირების ასპარეზი, ანუ სათამაშო მოედანი იქნება საქართველო, ეს იქნება დამანგრეველი.
„მისი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი თუკი ოდესმე გადაწყდა და მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვება, რაც შეიძლება შესუსტებული მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მიმართულება, ერთ-ერთი სეგმენტი ამ დაპირისპირებისა აშშ-სა და რუსეთს შორის, პირობითად დასავლეთსა და რუსეთს შორის ყოველთვის იყო საქართველო.
რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების რესურსი იმდენი არ არის, რომ ამ დაპირისპირების პროცესში თავისი სამხედრო ძალებით გადაწყვიტოს თუნდაც ოკუპაციის საკითხი. რასაკვირველია, ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მიმართულია იმისკენ, რომ ოდესმე მომავალში და სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია კაცობრიობის არსებობა, რომ ოდესმე მომავალში დიდი ძალები ერთმანეთთან შეთანხმდებიან. სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს, საქართველოზე გადმოტანა ამ დაძაბულობისა, ამის სურვილიც კი, რამდენად მოხდება ეს კიდევ სხვა საკითხია, ამის სურვილიც კი, გამოხატვაც კი არის საშინელი დანაშაული საკუთარი ხალხის მიმართ და შინაარს აჩვენებს კონკრეტულად არა მხოლოდ ამ ადამიანის, არამედ ამ ჯგუფის, ამ გუნდის, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, ამ გუნდის გარკვეულ პოლიტიკურ კრედოს გამოხატავს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს. სტატიას ამ შინაარსით ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.