დღეს ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტს უნგრეთში. ხაზგასასმელია, რომ ეს არის მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი და ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, უნგრეთში განხორციელებულიყო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას.
„ეს პირველი ვიზიტი ასევე იმის საჩვენებლად იყო, რომ მეგობრობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ზუსტად ასე გვესმის ჩვენ და უნგრეთს, როგორც ჩვენ ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ ტენდენციებს ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან, რომელსაც მეგობრობა, პარტნიორობა ესმის თითქოს შესაძლებლობად იმისთვის, რომ ქართველ ხალხს უკარნახონ როგორი არჩევანი გააკეთონ, ვინ ჰყავდეთ ხელისუფლებაში, როგორ მოიწყონ საკუთარი ცხოვრება, ყოფა, კულტურა, ისტორიას როგორ უნდა უყურებდნენ. უნგრეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს სუვერენიტეტის პატივისცემა, რომელიც როგორ ჩანს ზოგიერთ ქვეყანას დღეს დაავიწყდა.
ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შეხვედრა გვექნება უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საუბარი გვექნება საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ვაპირებთ, რომ ხელი მოვაწეროთ ჩარჩო შეთანხმებას საქართველოს და უნგრეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით და იმ ფორმატებთან დაკავშირებით, რომლითაც იქნება მჭიდრო თანამშრომლობა.
ასევე საუბარი გვენება უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, იმაზე თუ რა გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ჩვენ შემდეგი ოთხი წელი დავუთმოთ საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან იმისთვის, რომ შესრულდეს ის პირობა, რომელიც ჩვენ დავდეთ, რომ 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მზად სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირის წევრობისთვის და ამაში ჩვენ უნგრეთის დახმარების იმედი გვაქვს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.