დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, „იულიუს ბერი“ უარს აცხადებს ქართულ საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე და კონკრეტულ ინფორმაციას არ აწვდის ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურას

დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, „იულიუს ბერი“ უარს აცხადებს ქართულ საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე და კონკრეტულ ინფორმაციას არ აწვდის ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურას

სამწუხაროდ, „იულიუს ბერი“ უარს აცხადებს ქართულ საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე და კონკრეტულ ინფორმაციას არ აწვდის ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურას, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა შვეიცარიულ ბანკთან „ქართული ოცნების“ დაფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავაზე საუბრისას „იმედის კვირაში“.

მისივე თქმით, „იულიუს ბერთან“ ურთიერთობები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა „გლობალური ომის პარტია“ იგივე „დიფ სთეითი“ ამხილა.

„განსაკუთრებით არსებული მოცემულობა გამძაფრდა 29 აპრილის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ ამხილა გლობალური ომის პარტია იგივე „დიფ სთეითი“. ჯერ აშშ-ის ელჩმა გამოთქვა დიდი პროტესტი, შემდეგ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მათთვის მიუღებელი იყო ასეთი განცხადებები - ვგულისხმობ, იმ განცხადებას, რითაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ამხილა „დიფ სთეითი“. სწორედ ამ მომენტის შემდგომ „იულიუს ბერმა“, როგორც მანამდე „კრედიტ სუისმა“, საზოგადოებას ახსოვს ეს სამართლებრივი დავა, ანალოგიურად დაიწყო პრობლემების შექმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მითვისებაში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზეც.

„საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ქვეყნები ვალდებული არიან, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მხარეს, რომელიც ითხოვს კონკრეტულ ინფორმაციას, ის, რაზეც არის გამოძიება აქცენტირებული. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს შვეიცარიულ ბანკთან „იულიუს ბერი“, რომელიც სამწუხაროდ, უარს აცხადებს ქართულ საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე და კონკრეტულ ინფორმაციას არ აწვდის ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, Julius Baer-ი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების შესახებ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას.

ბანკი Julius Baer ფიგურირებს საქმეშიც, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი დაზარალებულია, გიორგი ბაჩიაშვილი კი ბრალდებული. შვეიცარიული ბანკი ქართულ გამოძიებას გიორგი ბაჩიაშვილზე ინფორმაციას არ აწვდის.