ირაკლი ზარქუა აბუ-დაბის ინციდენტზე: ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება

ირაკლი ზარქუა აბუ-დაბის ინციდენტზე: ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება

ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ აბუ-დაბის ინციდენტთან დაკავშირებით.

„ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ-დაბიში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვწერდა და გვამხნევებდა. ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ. ჯერ პირველ დღეს ცდილობდა [თავდამსხმელი] საუზმეზე შეურაცხყოფა მოეყენებინა, მერე მეორე დღესაც. მესამე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა და ყველამ ნახეთ.

საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ. გამოძიება დაიწყო. არც ვიცნობთ იმ ადამიანს, ვინც თეფში ისროლა. უბრალოდ ბევრი ქართველი ისვენებდა იმ სასტუმროში და ეტყობა ყელში ამოუვიდათ ეს პროვოკაციები. შემდეგ სასამართლო ჩაინიშნა და ჯარიმის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი კანონებია, პოლიციამაც, პროკურატურამაც და სასამართლომაც კარგად გაიაზრა, რომ ეს იყო პროვოკაცია ჩვენს წინააღმდეგ და მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ უწყებას ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, - აღნიშნა ზარქუამ.

აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.