სხვადასხვა ქვეყნიდან შტატებში მოხვედრის მსურველთა რიგები და გაურკვევლობა, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებში ტრამპის მკაცრმა საიმიგრაციო პოლიტიკამ წარმოშვა - ამერიკა-მექსიკის საზღვარზე, მეორე დღეა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. მიგრანტებისგან ქვეყნის დასაცავად დონალდ ტრამპმა მექსიკის მოსაზღვრე შტატებში 1 500 სამხედროს გადასროლა დაიწყო.
მიგრანტები ამბობენ, რომ ამერიკაში მოხვედრა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ შტატებში. მას შემდეგ, რაც ტრამპმა სამხრეთ საზღვარზე, მექსიკასთან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული უსაბუთო მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი გასულ წელს ვენესუელელი მიგრანტის მიერ მოკლული 22 წლის სტუდენტის, ლეიკენ რილის სახელს ატარებს. რეიკენ რილის აქტი საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტს, იმ უსაბუთო მიგრანტების დაკავებას ავალდებულებს, რომლებიც აშშ-ში არალეგალურად იმყოფებიან, თუ მათ წაყენებული ჰქონდათ ბრალი, ან დაპატიმრებული იყვნენ, ან მათ აღიარეს სისხლის სამართლის გარკვეული დანაშაულების ჩადენა, მათ შორის ქურდობა და ძარცვა.
ამერიკის მხრიდან საზღვრის ჩაკეტვის პარალელურად, მექსიკა საკუთარ ტერიტორიაზე კარვებს შლის. ეს დროებითი თავშესაფრები როგორც მექსიკელებისთვის, ასევე სხვა ქვეყნის იმ წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც შტატებში მოხვედრას მექსიკის გავლით გეგმავდნენ.
ამერიკული პრესის ცნობით, პენტაგონი უახლოეს დღეებში, მექსიკის საზღვრის უკეთ დასაცავად დამატებით 1 500-მდე ჯარისკაცს გაგზავნის. იწყება დონალდ ტრამპის იმ გეგმის განხორციელება, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ გამოცემულ აღმასრულებელ განკარგულებაშია გაწერილი.