დღეს, ნატოს სამეკავშირეო ოფისში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელებისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო კურსი გაიხსნა. პროექტ „ჩვენი ევროპული არჩევანი: ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაციის“ ფარგლებში გამართული სემინარი საქართველოს საგარეო კურსის პრიორიტეტების შესახებ სერჟანტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.
სამდღიან კურსს სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსის 34 მსმენელი გაივლის. მათ შორის არიან ასეულის, ბატალიონისა და ბატალიონის შტაბის დონის, ასევე გენერალური შტაბის სხვადასხვა დეპარტამენტის სერჟანტები.
კურსი საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორმა ელენე გოცაძემ გახსნა. მან საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე გაამახვილა ყურადღება. მომხსენებლებმა, „სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ თანადირექტორმა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სერჟანტებს ნატოს ისტორიის, სტრუქტურისა და განვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
კურსის მეორე დღეს სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირისა და საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკაზე მიიღებენ ინფორმაციას. მესამე ნაწილი გენდერულ საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცემათ.
სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.