დღეს, დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილმა ექვსმა ჯარისკაცმა პროთეზირების პროგრამა აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში უკვე გაიარა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედროებს გამთენიისას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი, ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
„თავდაცვის სამინისტრო ასრულებს დაპირებს და ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს უკვე აქვთ ულტრა-თანამედროვე პროთეზები. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის და უშუალოდ, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით. 23 თებერვალს მეორე ჯგუფი გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა ჩვენს ქვეყანას შეწირეს, ახალა უკვე ჩვენ, სახელმწიფომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევუმსუბუქოთ მათ ცხოვრება. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიჭები გააგრძელებენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურს და გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას კოლეგებს“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ვარლამ ავალიანმა.
დაშავებულ სამხედროებს მექანიკური კიდურები ბიო-მიკრო პროცესიანი პროთეზით შეუცვალეს. უახლესი თაობის ელექტრო კიდური მათ რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. სამხედროების მკურნალობის კურსს აშშ-ში ზედამხედველობას ქართველი ექიმი, მაიორი ზვიად ბურძგლა უწევს.
პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი ყველა სამხედროსთვის ინდივიდუალურია. პროთეზირების პროგრამისა და შემდგომი რეაბილიტაციის გავლისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამ ეტაპზე 19 ჯარისკაცი გაემგზავრება.
პროთეზირების კურსის გასავლელად პირველ ეტაპზე 8 სამხედრო მოსამსახურე აშშ-ში 27 დეკემბერს გაემგზავრა. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით მოხდა. ამ ეტაპზე, პიტერ ჰარშის კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად ორი სამხედრო მოსამსახურე რჩება.
პროთეზირების პროგრამის გასავლელად, დაშავებული ჯარისკაცების მეორე ნაკადი აშშ-ში უახლოეს მომავალში გაემგზავრება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ყველა ჯარისკაცი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდება და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებს მსახურს.