ბატონი როთი, რომ ჩამოსულიყო საქართველოში წინასაარჩევნოდ კიდევ ორჯერ, სამჯერ მერწმუნეთ, რომ ჩვენ გაცილებით მაღალ პროცენტს ავიღებდით ვიდრე ავიღეთ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, გერმანელი დეპუტატის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მივიდა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, მიხაილ როთის ვიზიტი წინა შემთხვევაშიც კონტრპროდუქტიული იყო რადიკალებისთვის და ასე იქნება ახლაც.
„ბატონი როთი მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკიდან მიდის. მისმა პარტიამ იგი აღარ აირჩია პოლიტსაბჭოში და მოუწია პოლიტიკასთან გამომშვიდობება. თუმცა ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის მაინც აქტუალურ პოლიტიკოსად რჩება. მისი ვიზიტები თქვენ კარგად გახსოვთ და კონტრპროდუქტიული იყო ის ნამდვილად რადიკალებისთვის. იგი ჩამოჰყავდათ იმისთვის, რომ თითქოსდა, რაღაც მუხტი აეწია აქციების პერიოდში მაგრამ ისეთი განცხადებებით გამოირჩეოდა, მაგალითად, შეურაცხყოფდა ჩვენს რელიგიას და ა.შ. და პირიქით, კონტრპროდუქტიული იყო. ბატონი როთი, რომ ჩამოსულიყო საქართველოში წინასაარჩევნოდ კიდევ ორჯერ, სამჯერ მერწმუნეთ, რომ ჩვენ გაცილებით მაღალ პროცენტს ავიღებდით ვიდრე ავიღეთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.