ბევრი მიზეზია და ერთ-ერთი მთავარი სხვებთან ერთად ის არის, რომ ყველამ უნდა იცოდეს, ვის გვერდით დგას. მაგალითად, ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ გულწრფელები არიან და დღეს დგანან აქციებზე, ამბობენ, რომ "ნაცები" არ არიან და "ნაცებს" არ უჭერენ მხარს. უნდა თქვან, ვის უჭერენ მხარს. კითხვა რომ დავუსვათ, ვის გვერდით დგანან, შეიძლება გითხრან, თვითორგანიზებით მოვედიო, მაგრამ, რეალურად ყველამ ვიცით, რომ ამას აორგანიზებენ "ნაცების" სხვადასხვა კლასტერის წარმომადგენლები, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზეზებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი განცხადებით, პარადოქსია, როდესაც "ნაცის" გვერდით დგახარ და თან ძალადობას აპროტესტებ. მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ რთული გასაგებია, როდესაც ებრძვი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყველა ნაბიჯი გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით და იმ ძლასთან ერთად უპირისპირდები მმართველ გუნდს, რომელმაც რუსული საქმეები რეალურად გააკეთა.
"როცა "ნაცის" გვერდზე დგახარ და აპროტესტებ ძალადობას, ასეთი პარადოქსი ბუნებაში არ არსებობს. როგორ შეიძლება იდგე "ნაცის" ორგანიზებულ აქციაზე და აპროტესტებდე ძალადობას? შეიძლება შენი აზრი გაგაჩნდეს და გააპროტესტო ყველაფერი. ბუნებრივია, ჩვენ რაც არ უნდა დავუძახოთ, მსხვერპლი ბინძური პროპაგანდის, რომელსაც საქართველოს გარუსებას ახმარენ ხოლმე ჩვენი ოპონენტები და მათი გარედან დავალების მიმცემები, რაც არ უნდა გავუგოთ ამ ადამიანებს, მას შემდეგ, რაც ის გააცნობიერებს, რომ ის დგას "ნაცის" ორგანიზებულ, დაფინანსებულ აქციაზე და აპროტესტებს ძალადობას, "რუსული საქმის" კეთებას, ვერ გავუგებ, ძნელი გასაგებია. მე, როგორც ერთი მოქალაქე, მხოლოდ პოლიტიკოსი კი არა, ვერ გავუგებ ადამიანს, რომელსაც რაღაც რუსულის გაპროტესტება უნდა, რუსთაველზე ებრძვის იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ყველა ნაბიჯი გადადგა პრაგმატულად, ქართული ეროვნული ინტერესების ხარჯზე რაღაცის გადავლის გარდა, სხვა ყველაფრის ფასად, სანქცირების ფასად და ა.შ., ევროინტეგრაციის პროცესი არ შეაჩერა, ყველაფერი გააკეთა და იმ ძალას უდგახარ გვერდით და იქითა მხრიდან რაღაც რუსულს ებრძვი აბსტრაქტულს, რომელი ძალაც დეტალურად ჩამოგითვლით, რას აკეთებდა რუსულს. ამდენი დღის განმავლობაში, რაც კითხვა დავსვი, რა იყო სარგებელი რუსეთისთვის 2012 წლის შემდეგ, ერთი პასუხი მოისმინეთ? ხომ არ მოგისმენიათ? - ეს არის კითხვაც და პასუხიც, თუ რამდენად მავნებლურ პროპაგანდას ახმოვანებენ ისინი." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ