სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, საქართველოს მთავრობას გარეშე ძალები მხოლოდ იმიტომ ესხმიან თავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველმა პარტიამ გაიმარჯვა.
ფიცოს განმარტებით, მიუღებელია ის ფაქტიც, რომ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მხოლოდ იმიტომ გააუქმეს, რომ იქაც არასასურველმა კანდიდატმა გაიმარჯვა.
„ის, რაც რუმინეთში მოხდა, უბრალოდ დაუშვებელია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მხოლოდ იმიტომ არ აღიარეს, რომ იმან მოიგო, ვისაც არ უნდა მოეგო. რა მოხდა საქართველოში? დაუშვებელია, რომ მთავრობას და პოლიტიკურ პარტიას თავს ესხმიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს. ჩვენ უდიდეს შეცდომას ვუშვებთ, როცა პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების წმენდა არ გვსურს, განსაკუთრებით კი სოროსის ორგანიზაციების, რომლებიც სლოვაკეთში მიმდინარე პოლიტიკური აქტივობებისა და მედიის ნაწილის უკან დგანან“, - თქვა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერი გამოეხმაურა ილონ მასკის მისამართით ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს ბრალდებას, რომ მილიარდერი სხვისი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ერევა. რობერტ ფიცოს თქმით, პრობლემა არა მასკის ქმედებებში, არამედ სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების სისტემაშია.
„ევროპის პრობლემა ის კი არ არის, რომ მაგალითად, ილონ მასკმა გერმანიაში რაღაც პოლიტიკურ პარტიას დაუჭირა მხარი, არამედ უდიდესი პრობლემა არის სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების სისტემა, რომელიც დემოკრატიას ანადგურებს“, - დასძინა ფიცომ.