არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ კომისიის საქმიანობას შედეგად მოჰყვეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი მას შემდეგ, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას დაასრულებს და დასკვნას დადებს.
გივი მიქანაძის თქმით, მოქალაქეებისთვის ცნობილია თუ რამდენად მძიმე საქმეები უკავშირდება სააკაშვილის რეჟიმს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ საგამოძიებო კომისიის მუშობის პროცესში, კონკრეტული პირების სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთოს.
„ეს კომისია მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებს, შეისწავლის საკითხებს, რომელიც სისტემურ დანაშაულებთან არის დაკავშირებული, დადებს დასკვნას, რომელიც იქნება არგუმენტებით და შესაბამისი ფაქტებით გამყარებული და მიღებული გადაწყვეტილებიდან და დასკვნიდან გამომდინარე, რომელიც დადგენილების სახით იქნება მიღებული პარლამენტის მიერ და ეს სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბერში მოხდება, სადაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი კანონმდებლობიდან გამომდინარე, აუცილებლად გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისთვის. ამიტომ წინსწრებით, რაიმე კონკრეტულის თქმა ალბათ არ იქნება სწორი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი იმ სისტემური დანაშაულების შესახებ, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებასთან იყო უშუალოდ დაკავშირებული, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ კომისიის საქმიანობას შედეგად მოჰყვეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.