თუკი რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ დადგინდება და დადასტურდება ჯაშუშობის ძალიან მძიმე ფაქტი, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები არიან მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ინიციატივამ, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხებოდა, მყისიერად გამოიწვია საზოგადოების მხარდაჭერა.
„ცალკეულმა ორგანიზაციებმა საკუთარი ინიციატივებიც გამოთქვეს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ის, რაც იყო გაცხადებული, ეს არის კონკრეტული ქეისები კონკრეტულ საქმეზე.
რა თქმა უნდა, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ, ბუნებრივია, სრული საკონსტიტუციო და სამართლებრივი თავისუფლება, გამოიძიონ ყველა საკითხი მაღალი ხარისხით, მტკიცებულებათა ხარისხით, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. თუკი რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ დადგინდება და დადასტურდება ჯაშუშობის ძალიან მძიმე ფაქტი, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები არიან მოახდინონ შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მმართველი გუნდის ინიციატივას იწონებენ, თუმცა ამბობენ რომ ეს საკმარისი არ არის. საზოგადოებრივი მოძრაობა საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ამზადებს, რომელსაც პროკურატურაში შეიტანენ.